ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ინფორმაციით (ISW), ბახმუტის მიმართულებაზე რუსეთის შეტევითი ოპერაციის შენელების ტემპები შეინიშნება. როგორც ინსტიტუტის ანგარიშშია აღნიშნული, უკრაინის თავდაცვის ძალები, სავარაუდოდ, დაიწყებენ ოპერაციის ახალ ფაზას და ბახმუტში „ვაგნერის“ მიერ რუსული არმიის ქვედანაყოფებისთვის პოზიციების გადაცემის პროცესს გაართულებენ.
ამასთან, ანგარიშში ნათქვამია, რომ უკრაინის ძალებმა წარმატებული კონტრშეტევები ჩაატარა ორეხოვო-ვასილიევკის (ბახმუტის ჩრდილო-დასავლეთით 11 კმ-ში) და კლეშჩეევკის (ბახმუტის სამხრეთ-დასავლეთით 7 კმ-ში) რაიონებში.
ერთ-ერთი რუსი სამხედრო ბლოგერის ცნობით, ორეხოვო-ვასილიევკის რაიონში უკრაინის კონტრშეტევების შედეგად დაჯგუფება „ვაგნერის“ ქვედანაყოფებმა დაკავებული პოზიციებიდან ერთი კილომეტრით უკან დაიხია.
ამის გარდა, რუსი სამხედრო ბლოგერები აცხადებენ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბახმუტი-სლავიანსკის მაგისტრალის გასწვრივ, ორეხოვო-ვასილიევკის ახლოს დაიკავა სტრატეგიული სიმაღლეები.
ასევე არსებობს მონაცემები, რომ უკრაინელმა სამხედროებმა წინ წაიწიეს კლეშჩევკის მიმართულებით და გადაკეტეს მდინარე სევერსკი დონეცკის არხი. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ცდილობს ალყაში მოაქციოს ხსენებული დასახლებული პუნქტი და რუსეთის არმიას უკან დაახევინოს.
ანალიტიკოსების ვარაუდით, ბახმუტში რუსეთის არმიას გაუჭირდება „ვაგნერის“ შეცვლა, უკრაინელების წარმატებული ლოკალური კონტრშეტევების გამო.
ექსპერტების აზრით, რუსეთის შეტევითი ოპერაციების ტემპების შენელება, სავარაუდოდ, უკრაინის ძალებს საშუალებას მისცემს ინიციატივა ხელში, აიღოს ქალაქის გარშემო ოპერაციის ახალი ფაზის დასაწყებად.