ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) წერს, რომ უკრაინის ქალაქ ბახმუტში რუსი სამხედროები განსაკუთრებით დაუცველი არიან, რადგან რუსეთის თავდასხმებმა ამ მხარეში კულმინაციას მიაღწია.
ISW-ს ანალიტიკოსების შეფასებით, ეს უკრაინელებს შესაძლებლობას აძლევს, ბახმუტის ფლანგზე შემდგომი კონტრშეტევები განახორციელონ.
ყოველდღიურ მიმოხილვაში ISW-ის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ "ვაგნერის" ძალების ბახმუტიდან გაყვანა რუსებისთვის დამატებით რისკს წარმოადგენს.
პარალელურად, "ვაგნერის" ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ მისი დაჯგუფების მეომრები უკრაინის ქალაქ ბახმუტს 25 მაისიდან 1 ივნისამდე პერიოდში დატოვებენ.
პრიგოჟინი ცოტა ხნის წინ აცხადებდა, რომ "ვაგნერის" მებრძოლებმა ბახმუტი დაიკავეს. კიევი უარყოფს ცნობას ბახმუტის დაცემაზე.