ციგურაობის საერთაშორისო კავშირმა (ISU) რუს მოციგურავეს, კამილა ვალიევას ინდივიდუალური ნეიტრალური ათლეტის (AIN) სტატუსი ოფიციალურად გააუქმა. ამ გადაწყვეტილების შედეგად, სპორტსმენს საერთაშორისო ტურნირებზე ასპარეზობის უფლება არ ექნება.
ორგანიზაციის განცხადებით, ჩატარებული ინდივიდუალური შეფასებების შედეგად დადგინდა, რომ ვალიევა აღარ აკმაყოფილებს იმ მკაცრ კრიტერიუმებს, რომლებიც ნეიტრალური სტატუსით ასპარეზობისთვისაა საჭირო.
ვალიევასთან ერთად, ნეიტრალური სტატუსი ასევე ჩამოერთვათ სხვა რუს მოციგურავეებს — მარკ კონდრატიუკს, ალექსანდრა სტეპანოვასა და ივან ბუკინს.
ISU-ს წესების თანახმად, ნეიტრალური სტატუსი არ მიენიჭებათ ათლეტებს, რომლებიც დაკავშირებულნი არიან სამხედრო ძალებთან ან ეროვნული უსაფრთხოების სამსახურებთან, მონაწილეობდნენ უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ სამხედრო ოპერაციებში, ან საჯაროდ უჭერდნენ მხარს მიმდინარე კონფლიქტს.
გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ სპორტსმენებს აქვთ შესაძლებლობა, ISU-ს კონსტიტუციისა და რეგულაციების შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრონ.




