ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, გიდეონ საარი ირანის მხრიდან ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან (IAEA) თანამშრომლობის გაწყვეტას ეხმაურება და გერმანიას, საფრანგეთსა და გაერთიანებულ სამეფოს ირანის წინააღმდეგ ყველა სანქციის აღდგენისკენ მოუწოდებს. 

საარის თქმით, ირანმა ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ყველა თავის ვალდებულებაზე თქვა უარი და საერთაშორისო საზოგადოებამ მისი ამბიციების შესაჩერებლად ყველა ზომას უნდა მიმართოს.

ამის შესახებ საარი X-ზე წერს.

"საპასუხო მექანიზმის გააქტიურების დრო არის ახლა! 

E3-ის ქვეყნებს, გერმანიას, საფრანგეთსა და გაერთიანებულ სამეფოს, მოვუწოდებ, რომ ირანის წინააღმდეგ ყველა სანქცია აღადგინონ!

ირანმა ახლახან გააკეთა სკანდალური განცხადება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან (IAEA) თანამშრომლობის შეჩერებასთან დაკავშირებით.

ეს ყველა მის ბირთვულ ვალდებულებასა და მოვალეობაზე სრული უარის თქმაა.

საერთაშორისო საზოგადოებამ ახლა მტკიცედ უნდა იმოქმედოს და ირანის ბირთვული ამბიციების შესაჩერებლად ყველა საშუალება გამოიყენოს". - წერს საარი.