ირანის სასამართლომ, 29 წლის პოპულარულ მომღერალს, პარასტუ აჰმადის და მისი შემოქმედებითი გუნდის კიდევ 7 წევრს 74-74 შოლტის დარტყმა მიუსაჯა. მკაცრი განაჩენის მიზეზი YouTube-ზე პირდაპირ ეთერში გადაცემული მუსიკალური კონცერტი გახდა, სადაც ხელოვანი თავსაბურავის (ჰიჯაბის) გარეშე გამოჩნდა.
ფიზიკურ სასჯელთან ერთად, ქომის პროვინციის სისხლის სამართლის სასამართლომ მუსიკოსებსა და ვიდეოგრაფს ორი წლით აუკრძალა შემოქმედებითი საქმიანობის განხორციელება და ქვეყნის დატოვება. მათ ბრალად ედებათ „ინტერნეტში ვულგარული და ამორალური კონტენტის გავრცელებით საზოგადოებრივი მორალის შელახვა“.
კონცერტი 2024 წლის დეკემბერში ტრადიციული ქარვასლის ტერიტორიაზე, ცარიელი დარბაზის წინაშე ჩაიწერა, სადაც აჰმადიმ მუსიკოსების თანხლებით პატრიოტული სიმღერა შეასრულა. ვიდეოს YouTube-ზე 3 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.
აღსანიშნავია, რომ ირანის კანონმდებლობით ქალებს საჯაროდ სიმღერა და სხეულის ფორმების გამოჩენა და თავსაბურავის გარეშე ყოფნა ეკრძალებათ.
გუნდის წევრები ვიდეოს გავრცელებიდან რამდენიმე დღეში დააკავეს, თუმცა მოგვიანებით გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, საბოლოო განაჩენი კი მიმდინარე კვირაში გახდა ცნობილი.










