რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე მასირებული თავდასხმების შემდეგ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მზად არის გააძლიეროს კიევის მხარდაჭერა. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა NATO-უკრაინის საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

„მოკავშირეებმა დღეს დაადასტურეს, რომ ისინი გაზრდიან უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინისთვის  აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის მიწოდება, რომელიც საჭიროა რუსეთის შეჭრისგან თავის დასაცავად.

ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა უკრაინამ გააგრძელოს ბრძოლა“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ამავდროულად, NATO-ს გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიევისთვის სამხედრო მიწოდების გაზრდა ქვეყნის თავდაცვის უზრუნველყოფის მთავარი პირობაა.