NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უნდა გვახსოვდეს, რომ მიმდინარეობს აგრესიის ომი, რომელიც რუსეთმა საკუთარი არჩევანით გააჩაღა უკრაინის წინააღმდეგ. მისი თქმით, კიევს აქვს თავდაცვის უფლება, მათ შორის სამხედრო ობიექტებზე დარტყმით უკრაინის ფარგლებს გარეთ. ამის შესახებ მან პრაღაში გამართულ კონფერენციაზე სახელწოდებით "NATO 75 წელი: როგორ დარჩე გზაზე?" სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
"ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინისთვის, რაც შეიძლება მეტი მხარდაჭერის გაწევა, რადგან ეს მნიშვნელოვანია უკრაინელებისთვის, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი უსაფრთხოებისთვის. არსებობს დისკუსიები მხარდაჭერის ტიპზე, მაგრამ ასევე – იმ მხარდაჭერის გამოყენებაზე, რომელსაც ჩვენ უკრაინას ვუწევთ. მოკავშირეები უკრაინას სხვადასხვა სახის სამხედრო მხარდაჭერით უზრუნველყოფენ. ზოგიერთმა მათგანმა ამ იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვები დააწესა. ზოგიერთს კი არ აქვს შეზღუდვები უკრაინისთვის მიწოდებულ იარაღზე.
ეს არის ეროვნული გადაწყვეტილებები. თავიდან თითქმის მთელი ბრძოლა მიმდინარეობდა უკრაინის ტერიტორიაზე, უკრაინის ტერიტორიის სიღრმეში, მაგრამ ახლა, ბოლო კვირების ან თვეების განმავლობაში, მძიმე ბრძოლების უმეტესობა რეალურად მიმდინარეობდა რუსეთსა და უკრაინას შორის საზღვრის გასწვრივ, ხარკოვის რეგიონში.
შემდეგ კი ვხედავთ, რომ რუსები შეიძლება, იყვნენ საზღვრის რუსულ მხარეს, რაც ამ შემთხვევაში მეტ-ნაკლებად იგივეა, რაც ფრონტის ხაზი. მათ შეუძლიათ, იქ იყვნენ თავიანთი არტილერიით, რაკეტების გამშვები ტექნიკით, თვითმფრინავებითა და საბრძოლო მასალისა და საწვავის საცავებით და იყვნენ, სულ მცირე, უფრო უსაფრთხოდ, ვიდრე იქნებოდნენ იმ შემთხვევაში, თუ მათზე უკრაინა მისთვის მიწოდებული ყველაზე თანამედროვე იარაღით თავდასხმას განახორციელებდა.
ომის განვითარებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, დროა, გადავხედოთ ამ შეზღუდვებს, რათა უკრაინელებს საშუალება ჰქონდეთ რეალურად დაიცვან თავი. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რა არის ეს - ეს არის აგრესიის ომი, რომელიც რუსეთმა საკუთარი არჩევანით გააჩაღა უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთი შეიჭრა სხვა ქვეყანაში, შეიჭრა უკრაინაში და საერთაშორისო სამართლის მიხედვით, უკრაინას აქვს საკუთარი თავის დაცვის უფლება.
ეს გათვალისწინებულია გაეროს წესდებაში და თავდაცვის უფლება ასევე მოიცავს სამხედრო ობიექტებზე დარტყმას, ლეგიტიმურ სამხედრო ობიექტებს უკრაინის ფარგლებს გარეთ. ასე რომ, ახლა ამ საკითხს მოკავშირეები წყვეტენ და ვფიქრობ, ეს ასახავს იმას, რომ ომის ბუნება შეიცვალა ბოლო ორი კვირისა და რამდენიმე თვის განმავლობაში", – განაცხადა სტოლტენბერგმა.