NATO–ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ განურჩევლად კონფლიქტის ტიპისა, საერთაშორისო სამართლის დაცვა მნიშვნელოვანია. ამის შესახებ მან NATO–ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"საერთაშორისო სამართალი, ჰუმანიტარული სამართალი და მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე ყოველთვის ყველა კონფლიქტის დროს დაცული უნდა იყოს. ესაა გზავნილი, როგორც ღაზაში კონფლიქტთან დაკავშირებით, ასევე, რა თქმა უნდა, როდესაც საქმე ეხება სხვა კონფლიქტებს, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ მთელ მსოფლიოში.

განურჩევლად კონფლიქტის ტიპისა, საერთაშორისო სამართლის დაცვა, ჰუმანიტარული სამართლის დაცვა მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია იმის აღიარება, რომ ვითარება ღაზაში და ვითარება უკრაინაში მრავალი თვალსაზრისით განსხვავებულია. უკრაინა არასოდეს წარმოადგენდა საფრთხეს რუსეთისთვის. უკრაინა არასოდეს დასხმია თავს რუსეთს.

რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში იყო არაპროვოცირებული. ასე რომ, რა თქმა უნდა, უკრაინას აქვს უფლება დაიცვას თავი არაპროვოცირებული თავდასხმისგან და შეინარჩუნოს ტერიტორიული მთლიანობა, ხოლო უკრაინის თავდაცვის უფლების მხარდაჭერა არის ის, რაზედაც ყველა მოკავშირე თანხმდება. ასე რომ, საერთაშორისო სამართალი, ჰუმანიტარული სამართალი მოქმედებს ყველა კონფლიქტში და ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, რადგან ეს ეხება ეროვნული სამართლის დაცვას", – განაცხადა სტოლტენბერგმა.