NATO–ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრების წინ გამართულ პრეს კონფერენციაზე, მათ შორის უკრაინის შესახებ ისაუბრა.

მან იმედი გამოთქვა, რომ აშშ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, რადგან, მისი თქმით, ეს ვაშინგტონის უსაფრთხოების ინტერესებში შედის.

გერმანული გამოცემა ARD–ს ჟურნალისტმა მას შემდეგი კითხვით მიმართა: "ევროკავშირს უჭირს საბრძოლო მასალის შესახებ დაპირების შესრულება. აშშ-ში დახმარება დაბლოკილია და უკრაინისთის გამოყოფილი დახმარების ბოლო პაკეტი ყველაზე მცირე ოდენობის იყო. ამავდროულად, პუტინი ომის ეკონომიკაზე გადავიდა და იარაღს ჩრდილოეთ კორეიდან და ირანიდან იღებს. როგორ ფიქრობთ, უკრაინამ უნდა იფიქროს ახალ სტრატეგიაზე, რათა გაიმარჯვოს?".

საპასუხოდ NATO–ს გენმდივანმა აღნიშნა, რომ ალიანსის პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, რადგან, მისი თქმით, ომში რუსეთის გამარჯვება საფრთხეს დასავლეთისთვისაც წარმოადგენს.

"ჩვენი პასუხისმგებლობაა, უზრუნველვყოთ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება. თუ პრეზიდენტი პუტინი გაიმარჯვებს, ეს უკრაინელებისთვის ტრაგედია, ხოლო ჩვენთვის საშიში მოვლენა იქნება იმიტომ, რომ მაშინ ყველა ავტორიტარული ლიდერისთვის - არა მხოლოდ მოსკოვის, არამედ პეკინის მიმართ გზავნილი იქნება, რომ საერთაშორისო კანონის დარღვევით, სხვა ქვეყანაში შეჭრით და ძალის გამოყენებით, ისინი მიიღებენ იმას, რაც სურთ. ასე რომ, ეს ეხება წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მთელ იდეას, სადაც დაცულია ტერიტორიული საზღვრები.

ამიტომ, NATO-ს მოკავშირეებმა უკრაინას უპრეცედენტო დონის სამხედრო მხარდაჭერა გაუწიეს. ამან მართლაც იმოქმედა, შეცვალა ვითარება ბრძოლის ველზე, რადგან უკრაინელებმა შეძლეს ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 50%–ის გათავისუფლება, რომელიც ოკუპირებული იყო სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ. ახლა გამოწვევა არის ის, რომ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ეს მხარდაჭერა. ამიტომ, მივესალმები ძალიან კონკრეტულ განცხადებას, რომელიც გაკეთდა მილიარდობით დამატებითი ევროს შესახებ გერმანიიდან, ნიდერლანდებიდან; მივესალმებით კოალიციის შექმნას საჰაერო თავდაცვის უზრუნველსაყოფად და არის ბევრი სხვა მოკავშირე, ვინც მეტი საბრძოლო მასალის, მეტი იარაღის და ა.შ. კიევისთვს გაგზავნის თაობაზე იუწყება.

დარწმუნებული ვარ, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, რადგან ეს აშშ–ის უსაფრთხოების ინტერესებში შედის. და ეს ასევე შეესაბამება იმას, რაზედაც ჩვენ შევთანხმდით –ვილნიუსში გამართულ სამიტზე ყველა მოკავშირემ განაცხადა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და გავაძლიერებთ ამ მხარდაჭერას. გარდა ამისა, NATO დათანხმდა მათ დახმარებას შეიარაღებული ძალების მოდერნიზებაში, რათა უზრუნველყოს სრული თავსებადობა უკრაინისა და NATO–ს ძალებს შორის. ამასთან, შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით შექმნილია უკრაინის საკონტაქტო ჯგუფი. ამ ჯგუფის ფარგლებში, ქვეყნები, რა თქმა უნდა, უზრუნველყოფენ უკრაინის მხარდაჭერას, ასე რომ, ჩვენ უბრალოდ უნდა დავრჩეთ არჩეულ კურსზე. ეს ასევე ეხება ჩვენს უსაფრთხოების ინტერესებს", – განაცხადა სტოლტენბერგმა.