ბოლო ასწლეულის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე მომაკვდინებელ ხანძარს 100-მდე ადამიანი ემსხვერპლა. ჰავაის მაუის კუნძულზე სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
ხანძრით ყველაზე მეტად დაზარალებულ ქალაქ ლაჰაინაში, სამძებრო სამუშაოებმა ამ ეტაპზე ტერიტორიის მხოლოდ 3 პროცენტი დაფარა, რის გამოც შიშობენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა მკვეთრად გაიზარდოს. კუნძულიდან ევაკუირებული მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას აკრიტიკებს. მათი თქმით, ტყის ხანძრის გავრცელებასთან დაკავშირებით არც გაფრთხილება მიუღიათ და არც განგაშის სიგნალი ამოქმედებულა. კრიტიკის გამო ახსნა-განმარტებების გაკეთება მოუხდათ, როგორც ჰავაის სენატორს, ასევე მაუის ოლქის მერს.
ძლიერი ხანძარი მაუიზე 8 აგვისტოს გაჩნდა. დაკარგულად ითვლება ასობით ადამიანი. შაბათის მონაცემებით, ათობით ნაპოვნი ცხედრიდან მხოლოდ ორის ამოცნობა მოხერხდა. განადგურებული და დაზიანებულია 2 200-მდე შენობა. წინასწარი შეფასებით, ზარალმა 6 მილიარდი დოლარი შეადგინა.