ჰარვარდის უნივერსიტეტმა გამოაცხადა, რომ მთავრობის მოთხოვნებზე უარის თქმის შემდეგ მათთვის 2.2 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის დაფინანსების გაყინვის გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა.
საგანმანათლებლო დაწესებულების თანახმად, დაფინანსების გაყინვა "უსამართლო და კაპრიზულია" და კონსტიტუციის პირველი შესწორებით გარანტირებულ სიტყვის თავისუფლების უფლებებსა და სამოქალაქო უფლებების აქტის მეექვსე მუხლის კანონით გათვალისწინებულ დებულებებს არღვევს.
"მთავრობას არ დაუსახელებია და ვერ დაასახელებს რაიმე რაციონალურ კავშირს ანტისემიტიზმზე შეშფოთებებსა და მთავრობის მიერ გაყინულ სამედიცინო, სამეცნიერო, ტექნოლოგიური და სხვა სახის კვლევებს შორის, რომლებიც ამერიკული სიცოცხლეების გადარჩენას, ამერიკული წარმატების ხელშეწყობას, ამერიკის უსაფრთხოების დაცვასა და ამერიკის, როგორც ინოვაციის მხრივ გლობალური ლიდერის, პოზიციის შენარჩუნებას ისახავს მიზნად". - წერია საჩივარში.
ჰარვარდის საჩივარს თეთრი სახლი მალევე გამოეხმაურა - თეთრი სახლის სპიკერმა, ჰარისონ ფილდსის განაცხადა, რომ უნივერსიტეტი "ზედმეტი ჯამაგირის მქონე ბიუროკრატებს" გაჭირვებული ამერიკული ოჯახების გადასახადებით ამდიდრებდა და ჰარვარდი გადასახადებით დაფინანსების პრივილეგიას არ იმსახურებს.
"სრულდება ფედერალური დახმარების იოლი შემოსავლის წყარო ისეთი ინსტიტუტებისთვის, როგორიც ჰარვარდია, რომლებიც ძალზე გადაჭარბებული ჯამაგირის მქონე ბიუროკრატებს გაჭირვებული ამერიკული ოჯახების გადასახადებით ამდიდრებდნენ. გადასახადების გადამხდელთა სახსრებით დაფინანსება პრივილეგიაა, ხოლო ჰარვარდი ამ პრივილეგიაზე წვდომის ელემენტარულ წინაპირობებსაც ვერ აკმაყოფილებს". - წერია ფილდსის მეილში.