ისრაელი და ჰამასი ზავის შესახებ შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან, - ამის შესახებ „ჰამასის“ პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელი ისმაილ ჰანიე აცხადებს.
მისი თქმით, პასუხი კატარელ შუამავლებს უკვე გაუგზავნეს.
„ჩვენ ახლოს ვართ ზავის შესახებ შეთანხმების მიღწევასთან“, - წერს ჰანიე Telegram არხზე.
AFP-ს ცნობით, სავარაუდო შეთანხმება ხუთდღიან ზავს გულისხმობს და „ჰამასი“ 7 ოქტომბერს დაკავებულ 50-იდან 100-მდე მძევალს გაათავისუფლებს. ხოლო ისრაელი, შეთავაზებული შეთანხმების თანახმად, 300 პალესტინელ პატიმარს „ჰამასს“ გადასცემს.
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ბოლო ეტაპზეა, მაგრამ უარი თქვა დამატებითი დეტალების გაზიარებაზე.
7 ოქტომბერს ისრაელში „ჰამასის“ შეჭრის დროს, როცა 240-მდე მძევალი იქნა გატაცებული, დაიღუპა 1200 ადამიანი. ისრაელის საპასუხო ოპერაციის განმავლობაში დაღუპულთა რაოდენობა 13 300–მდეა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ "ცეცხლის შეწყვეტა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ "ჰამასის" მიერ მძევლად აყვანილი 239-ვე პირი გათავისუფლდება".