აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, ამერიკა არ დაუშვებს, "პუტინმა და „ჰამასმა“ მიზნებს მიაღწიონ". ამის შესახებ იგი საუბრობს სტატიაში, რომელიც The Washington Post–ში გამოქვეყნდა.

"რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და „ჰამასს“, რომელიც ღაზას სექტორს მართავს, ერთი და იგივე მიზანი აქვთ - მეზობელი დემოკრატიის განადგურება. ისინი მეზობელი დემოკრატიის რუკიდან ამოსაშლელად იბრძვიან. პუტინიც და „ჰამასიც“ იმედოვნებენ, რომ დაანგრევენ უფრო ფართო რეგიონულ სტაბილურობას და ინტეგრაციას და ისარგებლებენ შემდგომი არეულობით. ამერიკას არ შეუძლია და არც დაუშვებს, ეს მოხდეს. ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისთვის - და მთელი მსოფლიოს სასიკეთოდ“, - წერს ბაიდენი.

მისი თქმით, შეერთებული შტატები აერთიანებს მოკავშირეებს და პარტნიორებს, რათა წინ აღუდგეს აგრესორებს და მიაღწიოს პროგრესს უფრო ნათელი, მშვიდობიანი მომავლისკენ.

„თუ ჩვენ დღევანდელი გამოწვევების მოგვარებაში არ ჩავერევით, კონფლიქტის რისკი შეიძლება, გავრცელდეს და მათი გადაჭრის ფასი მხოლოდ გაიზრდება. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ეს რწმენა არის უკრაინის ხალხის მხარდასაჭერად ჩემი მიდგომის საფუძველი, რადგან ისინი აგრძელებენ თავისუფლების დაცვას პუტინის სასტიკი ომის წინააღმდეგ. როდესაც ევროპაში აგრესია უპასუხოდ რჩება, ეს გავლენას ახდენს შეერთებულ შტატებზეც, ამიტომ, უკრაინის მიმართ მხარდაჭერა აშშ-ის ინტერესებშიცაა. გასული საუკუნის ორი მსოფლიო ომიდან ვიცით, რომ როდესაც ევროპაში აგრესია უპასუხოდ რჩება, კრიზისი თავისთავად არ იწვის. ის პირდაპირ ეხება ამერიკას. სწორედ ამიტომ, დღეს უკრაინის მიმართ ჩვენი ერთგულება საკუთარ უსაფრთხოებაში ინვესტიციას ნიშნავს. ეს ხელს უშლის ხვალ კონფლიქტის უფრო გაფართოებას. ჩვენ ვაძლევთ უკრაინელებს იარაღს და ეკონომიკურ დახმარებას, რათა შეაჩერონ პუტინის სწრაფვა დაპყრობისკენ, სანამ კონფლიქტი უფრო შორს გავრცელდება“, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი.

რაც შეეხება ისრაელსა და "ჰამასს" შორის მიმდინარე ომს, ბაიდენის თქმით, ომის დასრულების შემდეგ ღაზას სექტორი და დასავლეთ სანაპირო პალესტინელთა ავტონომიამ უნდა მართოს.

"როცა მშვიდობისკენ მივილტვით, ღაზა და დასავლეთ სანაპირო კვლავ უნდა გაერთიანდეს მმართველობის ერთიანი სტრუქტურის ქვეშ, პალესტინელთა ავტონომიის პირობებში. არ უნდა მოხდეს პალესტინელთა იძულებითი გადაადგილება ღაზიდან, ხელახალი ოკუპაცია, ალყა ან ბლოკადა, ან ტერიტორიის შემცირება", - წერს ბაიდენი.