გერმანიაში მდინარე რაინის წყლის დონე რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა, რის გამოც სატვირთო გადაზიდვები მნიშვნელოვნად შეფერხდა. ამის მიზეზი ქვეყნის დიდ ნაწილში ხანგრძლივი გვალვაა, – წერს „დოიჩე ველე“.

შიდა ნაოსნობის სააგენტოს, WSV-ს ინფორმაციით, კობლინცთან წყლის დონე 14 აგვისტოს ექვს სანტიმეტრამდე დაეცა, დღეს დილით კი რვა სანტიმეტრი იყო. აქამდე აღნიშნულ ადგილას ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2018 წელს დაფიქსირდა და 25 სანტიმეტრი იყო.

როგორც მედია წერს, წყლის დონის შემცირების გამო რაინზე გემებით ტვირთების გადაზიდვა გართულდა. კომპანიების უმეტესობას ტვირთების ნაწილი სატვირთო მანქანებითა და მატარებლებით გადააქვს, თუმცა ეს ტრანსპორტი გემებით გადაზიდულ დიდ მოცულობას სრულად ვერ ანაცვლებს. კომპანიები მიწოდების შეფერხებებსა და ხარჯების ზრდაზე საუბრობენ. პრობლემები განსაკუთრებით ქიმიური პროდუქციის მწარმოებლებს, კომუნალურ და მეტალურგიულ კომპანიებს შეეხოთ.