გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყანა ახლად ჩასულ იმ უკრაინელ მამაკაცებს, რომლებიც სამხედრო სამსახურის ასაკს მიეკუთვნებიან, ავტომატურ დროებით დაცვას აღარ მიანიჭებს.
ახალი წესი ვრცელდება 23-დან 60 წლამდე ასაკის უკრაინელ მამაკაცებზე, რომლებიც გერმანიაში 2026 წლის 31 ივლისის შემდეგ ჩადიან.
იმისათვის, რომ ამ ასაკის პირებმა დროებითი დაცვის სტატუსი მიიღონ, მათ უნდა დაამტკიცონ, რომ უკრაინაში სამხედრო ვალდებულება უკვე მოხდილი აქვთ, ან წარადგინონ ქვეყნიდან კანონიერი გასვლისა და სამხედრო სამსახურისგან ოფიციალური გათავისუფლების დამადასტურებელი დოკუმენტები.
მამაკაცები, რომლებიც გერმანიაში 31 ივლისამდე ჩავიდნენ და უკვე აქვთ მინიჭებული დროებითი დაცვა, სტატუსს ინარჩუნებენ. ევროკავშირის გადაწყვეტილებით, მათთვის ეს უფლება ავტომატურად გახანგრძლივდა 2028 წლის მარტამდე.
მობილიზაციის ასაკის პირებს, რომლებსაც დროებითი დაცვის მიღების საფუძველი არ აქვთ, შეუძლიათ, გერმანიას ზოგადი თავშესაფრის მოთხოვნით მიმართონ. მიგრაციის ფედერალური სამსახური თითოეულ განაცხადს ინდივიდუალურად განიხილავს, თუმცა თავად უკრაინაში სამხედრო ვალდებულების არსებობა ავტომატურად არ ნიშნავს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას.
შსს-ს განმარტებით, დროებითი დაცვის არარსებობა ავტომატურ და მასობრივ დეპორტაციას არ იწვევს. ქვეყნიდან გაძევება შესაძლებელია მხოლოდ იმ ზოგადი სამართლებრივი საფუძვლების არსებობისას, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეთა არალეგალურ ყოფნას არეგულირებს.




