2026 წლის ზაფხულის განმავლობაში გერმანიაში, მაღალი ტემპერატურის შედეგად გამოწვეული გართულებებით, წინასწარი მონაცემებით, დაახლოებით 12 500 ადამიანი გარდაიცვალა. აღნიშნულ სტატისტიკას ქვეყნის ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები და შესაბამისი უწყებები ავრცელებენ.

სპეციალისტების განმარტებით, სიკვდილიანობის ზრდა პირდაპირ კავშირშია ექსტრემალურ მეტეოროლოგიურ პირობებთან, რომლებიც სულ უფრო ხშირი და მძიმე ხდება. განსაკუთრებით მძიმე შედეგები დაფიქსირდა დიდ ქალაქებში, სადაც ე.წ. "ურბანული კუნძულის" ეფექტი ტემპერატურის დამატებით მატებას იწვევს.

გარდაცვლილთა აბსოლუტური უმრავლესობა ხანდაზმული ადამიანები არიან, რომლებსაც უკვე ჰქონდათ გულ-სისხლძარღვთა ან სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებები.

ძლიერმა სიცხემ და ჰაერის დაბალმა ტენიანობამ გამოიწვია გაუწყლოება და არსებული ჯანმრთელობის პრობლემების მწვავე გართულება.

ფედერალური კანცლერის, ფრიდრიხ მერცის ადმინისტრაციისა და შესაბამისი სამინისტროების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქვეყანა ვალდებულია, სწრაფად მოარგოს თავისი ინფრასტრუქტურა კლიმატის გლობალურ ცვლილებებს.

ეკონომიკურ სექტორშიც გაჩნდა შეშფოთება — ექსტრემალური სიცხის დღეებში მკვეთრად იკლებს შრომის ნაყოფიერება, იზრდება დატვირთვა საავადმყოფოების გადაუდებელი დახმარების განყოფილებებზე, ხოლო სასწრაფო დახმარების ბრიგადები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადიან.

ამ სტატისტიკის ფონზე, გერმანიის ჯანდაცვის უწყებები და მუნიციპალიტეტები მოითხოვენ "სიცხის სამოქმედო გეგმების" სრულმასშტაბიან იმლემენტაციას ყველა რეგიონში. გეგმა ითვალისწინებს:

1. ადრეული გაფრთხილების სისტემების გაუმჯობესებასა და მოსახლეობის ინფორმირებას.

2. ურბანულ სივრცეებში მწვანე ზონებისა და საჯარო სასმელი წყლის შადრევნების რაოდენობის გაზრდას.

3. სოციალური დახმარების ქსელების მობილიზაციას, რომლებიც რეგულარულად შეამოწმებენ მარტოხელა და ხანდაზმულ მოქალაქეებს ცხელ დღეებში.