გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ სამშაბათს, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის წინა დღეს, სამხედრო დახმარების "ზამთრის პაკეტი" გამოაცხადა, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 1 მილიარდი ევროა.
დახმარების ახალი პაკეტი ძირითადად საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებს მოიცავს, კერძოდ Patriot-ის და IRIS-T-ს სისტემებს. მათი უკრაინაში გაგზავნის დრო დაზუსტებული არ არის.
პაკეტში ასევე შედის კიდევ 10 ტანკი Leopard 1A5, სამი თვითმავალი საზენიტო სისტემა Gepard, ოცი სამედიცინო ჯავშანმანქანა და 15 ჯავშანმანქანა, რომლებიც უკრაინაში "მომდევნო რამდენიმე კვირაში" იქნება.
"ახალი ზამთრის პაკეტით ჩვენ კიდევ უფრო ვაძლიერებთ უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიულ მზადყოფნას უახლოეს თვეებში," - განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა.
გერმანიის თავდაცვის სამინისტრო ასევე განმარტავს, რომ ოქტომბრის განმავლობაში უკრაინა მიიღებს ადრე დაპირებულ საჰაერო თავდაცვის სისტემებს - მესამე IRIS-T SLM (საშუალო მანძილი) და მეორე IRIS-T SLS (მოკლე მანძილის).
გარდა ამისა, გერმანია უზრუნველყოფს უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალებისთვის დამატებით 20 მილიონი ევროს მხარდაჭერის პაკეტს, რომელიც მოიცავს მანქანებს, იარაღს და პერსონალურ აღჭურვილობას.
გერმანიის თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ ქვეყანა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების უმსხვილესი დონორია ევროპაში და მსოფლიოში მეორე შეერთებული შტატების შემდეგ.
2023 წლის ბოლომდე გერმანია 10 ათასი უკრაინელი სამხედროს მომზადებას გეგმავს.