გაეროში რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ განაცხადა, რომ ისრაელს არ აქვს თავდაცვის უფლება, რადგან ის ოკუპანტია, იუწყება რუსული სახელმწიფო სააგენტო "რია ნოვოსტი". მან გაიხსენა საერთაშორისო სასამართლოს 2004 წლის მოსაზრება.
ნებენზიამ აღნიშნა, რომ „შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს შეუძლიათ მხოლოდ ისაუბრონ ისრაელის სავარაუდო უფლებაზე თავდაცვის შესახებ“. მისი თქმით, "ჰამასის" მებრძოლები „ძალას იყენებენ როგორც უკანასკნელ საშუალებას, რათა შეაჩერონ მრავალწლიანი ძალადობა“ და აშშ-ს ქცევა ამ საკითხში არის „ფარისევლური".
რუსეთის წარმომადგენელმა გაეროში არ უარყო ისრაელის უფლება, უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება, მაგრამ მოუწოდა, "ებრძოლონ ტერორისტებს და არა მშვიდობიან მოსახლეობას", "შეაჩერონ სისხლის ღვრა და მისცენ შუამავლებს შესაძლებლობა, იმუშაონ დიპლომატიურ გადაწყვეტაზე".
ისრაელი "ჰამასის" წინააღმდეგ 7 ოქტომბრის თავდასხმის საპასუხოდ ღაზას სექტორში სამხედრო ოპერაციას აწარმოებს.