ევროკავშირმა შესაძლოა, უნგრეთს ხმის უფლება ჩამოართვას, რათა დაამტკიცოს შეთანხმება უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების შესახებ. აღნიშნული 14-15 დეკემბრის სამიტის დროს უნგრეთის პრემიერმა ვიქტორ ორბანმა დაბლოკა, – იუწყება The Financial Times.
გამოცემის ცნობით, ზოგიერთი ოფიციალური პირი განიხილავს, რომ კანონის უზენაესობის დარღვევისთვის გამოიყენონ 2007 წლის ევროკავშირის ხელშეკრულების მე-7 მუხლით გათვალისწინებული დებულებები, რამაც შეიძლება, შეაჩეროს ხმის (ვეტოს) უფლება.
როგორც The Financial Times წერს, ეს ნაბიჯი შეიძლება, დაბლოკოს ნებისმიერმა წევრმა სახელმწიფომ, "მაგრამ პოლონეთში ხელისუფლების შეცვლა ნიშნავს, რომ უნგრეთს აღარ ჰყავს გარანტირებული დამცველი".
სტატიაში ნათქვამია, რომ ბევრი ქვეყანა ღელავს ამ მუხლის გამოყენებაზე, რაც ევროკავშირის ყველაზე დიდი იარაღია წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ.
ოფიციალური პირების თქმით, პრიორიტეტი ორბანის დარწმუნებაა, რომ არ დაბლოკოს დახმარების საკითხი. თუმცა, თუ ეს ვერ მოხერხდა, ევროკავშირის 26 წევრ სახელმწიფოს შეუძლია მიაღწიოს შეთანხმებას უკრაინის დახმარების შესახებ, თითოეულს მხრიდან ინდივიდუალურად. მედია წერს, რომ ამას დიდი დრო დასჭირდება და საკითხის მოკლევადიანი გადაწყვეტა იქნება.
"შესაძლოა, უნგრეთმა მეტი პრობლემა შექმნას. შესაძლოა, უნგრეთმა გვაიძულებს გამოვიყენოთ რამდენიმე განსხვავებული ინსტრუმენტი. მაგრამ საბოლოოდ, უნგრეთი ვერ შეგვიშლის ხელს უკრაინისთვის ფულის მიწოდებაში", - აცხადებს ევროკავშირის მაღალჩინოსანი.