დასავლეთის სადაზვერვო სამსახურებმა ევროპული თავდაცვითი კომპანიების ხელმძღვანელები გააფრთხილეს, რომ რუსეთი მათზე თავდასხმების მოსამზადებლად ძალისხმევას ააქტიურებს და ეს აიძულებს საწარმოებს, გააძლიერონ თავიანთი ტოპ-მენეჯერების პირადი დაცვა. ამის შესახებ The Financial Times (FT) ევროპის ხუთი სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის თანამოსაუბრეთა თქმით, კრემლმა უკრაინის ბრძოლის ველზე არსებული ჩიხისა და რუსეთში ეკონომიკური სირთულეების ფონზე, ევროპაში დივერსიული და ჰიბრიდული ოპერაციების გაფართოების განკარგულება გასცა, რათა უახლოეს თვეებში კრიტიკულად დაასუსტოს კიევის მხარდაჭერა. ევროპაში სამოქალაქო პირებზე თავდასხმები, რაც ადრე ტაბუდ ითვლებოდა რუსული სპეცსამსახურებისთვისაც კი, ამ გეგმების სულ უფრო შესამჩნევი ნაწილი ხდება, განაცხადეს მათ.
წყაროებმა აღნიშნეს, რომ საფრთხის ქვეშ არიან მცირე საწარმოების ხელმძღვანელებიც, განსაკუთრებით იმათი, რომლებიც უპილოტო საფრენ აპარატებსა და მათ მაკომპლექტებელ ნაწილებს აწარმოებენ. "ევროპაში საფრთხის დონე გაიზარდა. მუქარები ეხება არა მხოლოდ ქონებას, არამედ ადამიანებსაც", — განაცხადა ევროპული დაზვერვის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.
თავდაცვითი საწარმოების რამდენიმე ხელმძღვანელმა, რომლებიც FT-ს ანონიმურობის პირობით ესაუბრნენ, განაცხადეს, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მათ გააძლიერეს პირადი დაცვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების კონკრეტული რეკომენდაციების საფუძველზე. სხვებმა განაცხადეს, რომ ასეთ ზომებს მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოგზაურობის დროს მიმართავენ.
ოპერაციების მომზადება, რომლებსაც რუსულ სადაზვერვო ჟარგონზე "სველ საქმეს" უწოდებენ, ძირითადად რუსეთის გენერალური შტაბის მთავარ სადაზვერვო სამმართველოს (GRU) ეკისრება.
დაზვერვის წყაროების თქმით, GRU მუშაობის მეთოდებს ცვლის. მისი თანამშრომლები უფრო მჭიდროდ თანამშრომლობენ ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან, იყენებენ ტრანსსასაზღვრო აგენტურულ ქსელებს და ანაწილებენ დაზვერვას, ლოგისტიკას, დაგეგმვასა და ოპერაციების შესრულებას სხვადასხვა ჯგუფებსა და ცალკეულ პირებს შორის.
მანამდე, როგორც წყაროები აღნიშნავენ, რუსული სპეცსამსახურები უფრო ხშირად ეყრდნობოდნენ მარტოხელა აგენტებს, რომლებსაც ინტერნეტით ფულის სანაცვლოდ იბირებდნენ.
ზოგიერთ შემთხვევაში, დასავლურმა სპეცსამსახურებმა უკვე შეძლეს მზადებაში მყოფი თავდასხმების გამოვლენა და აღკვეთა. სხვა შემთხვევებში შეინიშნებოდა საეჭვო აქტივობა, მათ შორის, პოტენციური მსხვერპლის ყოველდღიური მარშრუტებისა და განრიგის თვალთვალი სახლსა და სამსახურში.
უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ სასურველი ფსიქოლოგიური ეფექტის მისაღწევად რუსულ სპეცსამსახურებს არ სჭირდებათ საქმის ბოლომდე მიყვანა.
"რუსული თვალსაზრისით, მთავარი მიზანი კვლავინდებურად ფსიქოლოგიურია. თუნდაც იმის გაცნობიერება, რომ ადამიანი შეიძლება, სამიზნე გახდეს, საჭირო ეფექტს იძლევა. მათ სურთ, რომ ადამიანები ორჯერ დაფიქრდნენ, სანამ უკრაინასთან საქმეს დაიჭერენ", — განმარტა დაზვერვის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.
FT-ის ერთ-ერთი თანამოსაუბრის თქმით, ხშირ შემთხვევაში, რუსი აგენტების ქმედებები კვლავინდებურად სამოყვარულო ხასიათს ატარებს და მათი აღკვეთა მარტივია. თუმცა, ეს დამატებით პრობლემებს ქმნის, რადგან უსაფრთხოების სამსახურები იძულებულნი არიან, ნებისმიერი ადამიანი პოტენციურ საფრთხედ განიხილონ.
უსაფრთხოების ექსპერტებმა განაცხადეს, რომ თავდაცვითი კომპანიები, ისევე როგორც კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკული სექტორის საწარმოები, სულ უფრო ხშირად მიმართავენ მათ ევროპაში თავიანთი თანამშრომლების დასაცავად.
დარგის ხელმძღვანელებმა გააფრთხილეს, რომ თანამშრომლებისა და საწარმოო ობიექტების მასშტაბური დაცვის ხარჯები შესაძლოა, სერიოზულ ტვირთად იქცეს კომპანიებისთვის, განსაკუთრებით სტარტაპებისთვის.
ევროპის უმსხვილესი თავდაცვითი კომპანიების ხელმძღვანელები მომატებული მზადყოფნის მდგომარეობაში არიან 2024 წლის დასაწყისიდან, როდესაც აშშ-სა და გერმანიის სადაზვერვო სამსახურებმა გამოააშკარავეს რუსული შეთქმულება გერმანული კონცერნ Rheinmetall-ის ხელმძღვანელის, არმინ პაპერგერის მკვლელობის მიზნით.
დაზვერვის მონაცემებით, რუსი აგენტები ერთ-ერთ გახმაურებულ თავდასხმას განიხილავდნენ. პაპერგერი, რომელიც ღიად უჭერდა მხარს უკრაინის შეიარაღებას, განსაკუთრებული სამიზნე გახდა. პაპერგერმა მანამდე განაცხადა, რომ ახლა ის სადღეღამისო დაცვის ქვეშ იმყოფება, რომელსაც კერძო მცველები პოლიციასთან ერთად უზრუნველყოფენ.




