გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ბერლინი აპირებს, უკრაინა შორი რადიუსის იარაღის სისტემებით შეაიარაღოს, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, მიაწვდის თუ არა გერმანია კიევს Taurus-ის ტიპის ფრთოსან რაკეტებს, რომლებსაც უკრაინა უკვე დიდი ხანია ითხოვს. 

რეპორტიორის კითხვაზე, რომელიც უკრაინისთვის გერმანული Taurus-ების მიწოდების საკითხს ეხებოდა, კანცლერმა მერცმა უპასუხა, რომ გერმანია ბოლო თვეების განმავლობაში უკრაინის მთავრობასთან ინტენსიურად მუშაობდა "შორი რადიუსის იერიშებისთვის პროექტების დანერგვის" მიზნით. 

"უკრაინის არმიის მსგავსი იარაღის სისტემებით შეიარაღება ხდება," აღნიშნა მან, თუმცა დაამატა, რომ მხარეების შეთანხმებით, დეტალების საჯაროდ განხილვა აღარ მოხდება, რადგან კიევსა და ბერლინში მიიჩნევენ, რომ "რუსეთის მხარეს გარკვეული ორაზროვნება უნდა არსებობდეს იმის შესახებ, თუ რაოდენ სამხედრო დახმარებას ვუწევთ" - განმარტა მერცმა. 

"მხოლოდ ამის თქმა შემიძლია: ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია, რათა უკრაინის არმია შესაბამისი რადიუსის მქონე იარაღის სისტემებით აღვჭურვოთ, და ეს მომდევნო კვირებსა და თვეებში გაიზრდება, რამდენადაც საჭირო იქნება, უშუალოდ უკრაინაში მსგავსი იარაღის სისტემების წარმოებამდეც კი." - თქვა გერმანიის კანცლერმა.