გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი, ამჟამად ევროპისა და გერმანიის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს.
მერცმა აღნიშნა, რომ პუტინი ცდილობს "ევროპის პოლიტიკური წესრიგი თავდაყირა დააყენოს".
"ის ჩვენს წინააღმდეგ საინფორმაციო ომს აწარმოებს. ის უკრაინის წინააღმდეგ ომს აწარმოებს და ეს ომი ყველას წინააღმდეგაა მიმართული", - აღნიშნა კანცლერმა.
მისი თქმით, გერმანიის ინტერესებშია ევროპაში ღია, თავისუფალი საზოგადოებების პოლიტიკური წესრიგის დაცვა.
შეკითხვაზე, აწარმოებს თუ არა პუტინი ომს გერმანიის წინააღმდეგ, მერცმა უპასუხა: "ის ჩვენს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს".
მერცმა ასევე კომენტარი გააკეთა გერმანიასა და მთელ ევროპაში დრონებთან დაკავშირებული ინციდენტების ზრდაზე.
მისი თქმით, პუტინს შიშის დათესვა სურს.
"ჩვენ არ დავუშვებთ, რომ დაგვაშინონ და ეფექტურად დავიცავთ თავს ამ საფრთხისგან", - თქვა მერცმა.