ფინეთი NATO-ს დატოვებას არ გეგმავს, — განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა, რითაც გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შესაბამისი მოთხოვნების შესახებ. "შემიძლია, სრულიად პირდაპირ ვთქვა: ფინეთი NATO-ში 2023 წელს გაწევრიანდა და ალიანსის წევრად დარჩება მანამ, სანამ ის იარსებებს", — განაცხადა მან ფინურ გამოცემა Ilta-Sanomat-თან ინტერვიუში.
სტუბის თქმით, NATO-დან გასვლის შესახებ მსგავსი განცხადებები არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნეს სერიოზულად აღქმული. "ფინეთის წევრობა NATO-ში არანაირი ფორმით არ გადაიხედება. ეს არ სურს არც ფინეთს და არც NATO-ს. ჩვენ NATO-სთვის უსაფრთხოების გარანტად გამოვდივართ, ზუსტად ისევე, როგორც NATO გამოდის ჩვენთვის უსაფრთხოების გარანტად", — ხაზგასმით აღნიშნა მან.
ფინეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შემადგენლობიდან ფინეთის გასვლის შესახებ მოთხოვნები ჯერ არ სმენია.
მანამდე გერმანულმა გაზეთმა Bild-მა დაწერა, რომ აბუ-დაბიში აშშ-ის შუამავლობით რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის გამართული მოლაპარაკებების დროს გაჟღერდა მოთხოვნა NATO-ს შემადგენლობიდან ფინეთის გასვლის შესახებ. კრემლში უარყოფენ, რომ ასეთი მოთხოვნა წამოაყენეს. "ჩემთვის ამის შესახებ უცნობია. არა, არ წამოყენებულა. ამაზე საუბარი ნამდვილად არ ყოფილა", — განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.




