ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ევროკავშირის გაფართოების სტრატეგია დაამტკიცა. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ "დასავლეთ ბალკანეთის, უკრაინისა და მოლდოვის მომავალი ევროკავშირშია".

საქართველოს შესახებ კი დოკუმენტში აღნიშნულია, რომ იგი ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაციის შემდგომი გაუარესების შესახებ 2025 წლის 13 თებერვლის რეზოლუციას ითვალისწინებს.

დოკუმენტში საუბარია გაფართოების გეოსტრატეგიული განზომილების შესახებ და "კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გაფართოებას ევროკავშირისთვის უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის და სხვა გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, რაც გრძელვადიან პოლიტიკურ დემოკრატიულ ხედვას და შესაბამის გადაწყვეტილებებს მოითხოვს".

ამასთან, დოკუმენტი "ხაზს უსვამს, რომ გაწევრიანება დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ფუნდამენტური უფლებებისა და კანდიდატი ქვეყნების საზიანო უცხოური ჩარევისგან დაცვის მთავარ ინსტრუმენტს წარმოადგენს".

ევროპარლამენტარის, პეტრას აუსტრევიჩუსის მიერ მომზადებული ანგარიში კომიტეტმა 44 ხმით 11-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. დოკუმენტის შესახებ კენჭისყრა ევროპარლამენტში უახლოეს მომავალში გაიმართება.