ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის, კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების მორიგ, რიგით მე-15 პაკეტზე მუშაობს. ახალი ინიციატივა მიზნად ისახავს სანქციების სიაში დამატებით 250 სუბიექტის შეყვანას.
კალასის თქმით, ეს ნაბიჯი ემსახურება რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის დასუსტებას და იმ იურიდიული თუ ფიზიკური პირების პასუხისმგებლობის დაკისრებას, რომლებიც აქტიურად უწყობენ ხელს კრემლის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ აგრესიულ ომს.
სიაში მოხვდებიან კომპანიები, რომლებიც დაკავშირებულია თავდაცვის, ტექნოლოგიებისა და ენერგეტიკის სექტორებთან.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება იმ შუამავალ ქვეყნებსა და ორგანიზაციებზე, რომლებიც რუსეთს დასავლური პროდუქციის (მათ შორის ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიების) მიღებაში ეხმარებიან.
250 სუბიექტის დასანქცირება მიზნად ისახავს რუსეთის ეკონომიკის იმ რგოლების მოშლას, რომლებიც უშუალოდ კვებავს საომარ მოქმედებებს.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები აღნიშნულ ინიციატივას უახლოეს პერიოდში განიხილავენ. კალასის განმარტებით, მსგავსი მკაცრი ზომები აუცილებელია იმისთვის, რომ რუსეთმა იგრძნოს ომის ეკონომიკური შედეგები და შეეზღუდოს რესურსები სამხედრო აგრესიის გასაგრძელებლად.




