მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებთან და საკონსტიტუციო რეფერენდუმთან დაკავშირებით ეუთო დასკვნას აქვეყნებს.

მედიაგარემოზე საუბრისას, დასკვანაში აღნიშნულია, რომ მედიალანდშაფტმა ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა, რომლის ფარგლებში, თავისი საინფორმაციო სივრცის დასაცავად, მთავრობამ რამდენიმე ღონისძიება გაატარა უცხოეთიდან ჩარევის შესაჩერებლად და მედიაზე პოლიტიკური ფიგურების გავლენის შესამცირებლად. ეუთო-ს დასკვნის მიხედვით, აღნიშნული ზომები მოიცავს მრავალი ტელევიზიისა და რადიოსადგურის დახურვას, რომელთა საინფორმაციო შინაარსი და საკუთრება მიჩნეული იყო მოლდოვის უსაფრთხოების ინტერესების საწინააღმდეგოდ, ასევე კანონმდებლობის მიღებას, რომელიც სჯის აუდიოვიზუალურ მედიაში დეზინფორმაციის გავრცელებას.

დასკვნის მიხედვით, საჯარო ინტერესის მქონე ინფორმაციის თავისუფლად მიღების უფლება კანონით არსებობს, თუმცა ჟურნალისტებისთვის ეფექტური იმპლემენტაცია ხშირად არ ხდება.

ეუთო-ს დასკვნაში აღნიშნულია, რომ გამოხატვის თავისუფლება გარანტირებულია კონსტიტუციით, სხვა კანონებით და, ზოგადად, დაცულია, თუმცა მოლდოვის საინფორმაციო სივრცის დასაცავად მიღებულმა შემზღუდავმა ზომებმა უარყოფითი გავლენა იქონია. დასკვნის თანახმად, ოდირის რესპონდენტის აზრით, შედეგად ნაკლები სივრცე დარჩა მოსაზრებათა მრავალფეროვნების გამოხატვისა და მთავრობის ქმედებების გაკონტროლებისთვის.

ეუთო-ს დასკვნის მიხედვით, საარჩევნო კამპანიების დროს რადიო და სატელევიზიო პოლიტიკური გაშუქება მკაცრად რეგულირდება სამართლიანობის, სიზუსტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. დასკვნის თანახმად, ონლაინ მედიასაშუალებები და სოციალური ქსელები, რომლებიც ტელევიზიის შემდეგ ახალი ამბებისა და ინფორმაციის ყველაზე პოპულარულ წყაროებად იქცნენ, უმეტესწილად არარეგულირებადია. დეზინფორმაცია და სიყალბე ძირითადად ვრცელდებოდა ტელეგრამის, „ტიკოტოკის“ და „ფეისბუქის“ მეშვეობით.

დასკვნის თანახმად, ათმა სატელევიზიო და შვიდმა რადიოსადგურმა გადაწყვიტა არჩევნებისთვის და/ან რეფერენდუმისთვის დებატების ორგანიზება. ეუთო-ს ანგარიშის მიხედვით, მოქმედი პრეზიდენტი არცერთ დებატში არ მონაწილეობდა, გამოუცხადებლობისა და დებატების დატოვების გამო, ზოგიერთი დებატი მხოლოდ ერთი მონაწილით გავიდა ეთერში და ამომრჩევლებს წაერთვათ შესაძლებლობა, პირდაპირ შეედარებინათ ყველა წამყვანი კონკურენტი, რამაც ძირი გამოუთხარა ღია პოლიტიკური დებატების მნიშვნელობას.

მედიამონიტორინგი აჩვენებს, რომ რეფერენდუმი თითქმის არ ფიგურირებდა საინფორმაციო გადაცემებში, თუმცა შეზღუდული გაშუქების უდიდესი ნაწილი „დიახ“-ის კამპანიას ეთმობოდა, ინიციატივები ძლიერად უწევდნენ პროპაგანდას „დიახ“ ვარიანტს და არ აწვდიდნენ ამომრჩევლებს დაბალანსებულ ინფორმაციას ინფორმირებული არჩევანის გასაკეთებლად.

ეუთო-ს დასკვნის თანახმად, საინფორმაციო გადაცემები მხოლოდ შეზღუდულად აშუქებდნენ საარჩევნო კამპანიას. მონიტორინგს დაქვემდებარებულ საინფორმაციო და სარედაქციო პროგრამებში დებატების გარდა, მოქმედმა პრეზიდენტმა მიიღო ყველაზე დიდი გაშუქება როგორც თავისი ოფიციალური უფლებამოსილების, ისე კანდიდატის სტატუსით, ამ ორი როლის მკაფიო გამიჯვნის გარეშე, მაშინ როცა ნასტასემ, ტიკუმ, ჩიკუმ და ულიანოვსკიმ ყველაზე ნაკლები გაშუქება მიიღეს.

დასკვნაში აღნიშნულია, რომ, სხვა კონკურენტებთან შედარებით, მოქმედ პრეზიდენტს, მაია სანდუს მნიშვნელოვნად მეტი გაშუქება ჰქონდა მონიტორინგს დაქვემდებარებული ოთხი ტელეარხიდან ორში: 32 პროცენტი საზოგადოებრივ მაუწყებელზე „მოლდოვა 1“-ზე და 26 პროცენტი „ჯურნალ ტივიზე“. ორივე არხზე გაშუქების ტონი უმეტესად ნეიტრალური იყო, მაგრამ „მოლდოვა 1“-ზე ეს სამჯერ მეტი იყო, ვიდრე შემდეგი კანდიდატების, ბ-ნი უსატის და ბ-ნი სტოიანოგლუს გაშუქება (თითოეული 10 პროცენტი).

ეუთო-ს დასკვნის მიხედვით, დანარჩენ ორ არხზე „პრაიმ-ტაიმის“ გაშუქება უფრო დაბალანსებულად იყო განაწილებული: კანდიდატები იღებდნენ გაშუქების ექვსიდან 13 პროცენტამდე „პროტივიზე“ და „ტევე8“-ზე ერთიდან 25 პროცენტამდე. გაშუქების ტონი ძირითადად ნეიტრალური იყო, თუმცა „ჯურნალ ტივის“ უფრო დადებითი ტონი ჰქონდა სანდუს მიმართ, ხოლო „პროტივი“ ტარლევის, უსატის და ნასტასეს მიმართ.

დასკვნის თანახმად, საერთო ჯამში, პოლიტიკური ახალი ამბების ფართო ონლაინმედია გაშუქებასთან ერთად, ამომრჩევლებს მიეწოდათ საკმარისი ინფორმაცია ინფორმირებული არჩევანის გასაკეთებლად და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა „ტელერადიო მოლდოვამ“ საპრეზიდენტო კანდიდატები, ფაქტობრივად, გააშუქა.

დასკვნის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ამომრჩევლებს მიეწოდათ მრავალფეროვანი ინფორმაცია კანდიდატებისა და რეფერენდუმის შესახებ, ზოგიერთი კერძო ტელევიზიის მიერ მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევით პროევროპული უპირატესობის მინიჭებამ და საზოგადოებრივ მაუწყებელში მთავრობისა და პრეზიდენტის საქმიანობის ფართო გაშუქებამ ვერ უზრუნველყო თანაბარი სათამაშო მოედანი ყველა კონკურენტისთვის.

ეუთო-ს ანგარიშში აღნიშნულია, რომ კონკურენტულ კამპანიაში ამომრჩევლებს შესთავაზეს სხვადასხვა პოლიტიკური ალტერნატივა პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის, რომლებიც დარეგისტრირებულნი იყვნენ ინკლუზიურ პროცესში. საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმის კამპანიის ერთდროულად ჩატარების წესი და მედიაგაშუქება, რომელიც ემხრობოდა მოქმედ პრეზიდენტს და მთავრობას, არ იძლეოდა სრულიად თანაბარ შესაძლებლობებს.

დასკვნის თანახმად, აღინიშნა ადმინისტრაციული რესურსების არასწორად გამოყენება კამპანიებში, ასევე ბოლო ცვლილებებმა შექმნა ძლიერი საკანონმდებლო ბაზა კამპანიის დაფინანსებისთვის, მაგრამ ზედამხედველობა შემცირდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შეზღუდული შესაძლებლობებისა და რესურსების გამო.

ეუთო-ს ანგარიშის მიხედვით, რეფერენდუმის საკანონმდებლო ბაზას აქვს გარკვეული ხარვეზები და, როგორც ასეთი, სრულად არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და ეუთო-ს ვალდებულებებს მთელ რიგ ასპექტებში.

დასკვნის თანახმად, 20 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები და საკონსტიტუციო რეფერენდუმი კარგად მართული იყო და მონაწილეები თავისუფლად აწარმოებდნენ კამპანიას. ეუთო-ს დასკვნის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა განახლებული საკანონმდებლო ბაზის შესაბამისად, რომელიც უზრუნველყოფს ადეკვატურ ჩარჩოს დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად, თუმცა არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე შეტანილმა ხშირმა ცვლილებებმა და საკმარისი კონსულტაციების შესაძლებლობის არარსებობამ, შეამცირა საარჩევნო კანონმდებლობის თანმიმდევრულობა და პოტენციურად იმოქმედა სამართლებრივ სიცხადეზე.

„არჩევნების დღე იყო მშვიდი და მოწესრიგებული. გახსნისა და ხმის მიცემის პროცესები დადებითად შეფასდა. დაკვირვების პროცესში ჩართული საარჩევნო უბნების აბსოლუტურ უმრავლესობაში, ძირითადად დაცული იყო დადგენილი პროცედურები. ხმის მიცემის რამდენიმე უარყოფითი შეფასება ძირითადად დაკავშირებული იყო ამომრჩევლების დაშინებასთან ან ზეწოლასთან, ამომრჩევლებზე გავლენის მოხდენის მცდელობებთან ან დაძაბულობასთან საარჩევნო უბნებსა და მის გარშემო. ხმის მიცემის საიდუმლოება ყოველთვის არ იყო უზრუნველყოფილი, ძირითადად, საარჩევნო უბნების განლაგებით და, ზოგიერთ შემთხვევაში, ვიდეოკამერის განთავსებით“, – აღნიშნულია დასკვნაში.

თარგმანი: პირველი არხი