ესპანეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის მეუღლე, ბეგონია გომესი კორუფციის ბრალდებით წარდგება სასამართლოს წინაშე. შაბათს, 20 ივნისს გამოქვეყნებული სასამართლო განჩინების თანახმად, მას ქვეყნიდან გასვლა აეკრძალა.

მოსამართლე ხუან კარლოს პეინადოს განკარგულებით, ბეგონია გომესმა უნდა ჩააბაროს პასპორტი და განაჩენის გამოტანამდე თვეში ორჯერ გამოცხადდეს შესაბამის უწყებებში. 

სასამართლოს განცხადებით, „მითითებები გადაეცემა ყველა სასაზღვრო პუნქტს, ისევე როგორც სამოქალაქო და სამხედრო აეროპორტებს“, რათა მკაცრად გაკონტროლდეს გომესის გადაადგილება. 

მოსამართლე პეინადომ პრემიერ-მინისტრის მეუღლეს ოფიციალურად წარუდგინა ბრალდება სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში, გავლენების გამოყენებაში, კომერციულ ოპერაციებში კორუფციისა და თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

გამოძიება ჯერ კიდევ 2024 წლის აპრილში დაიწყო იმის დასადგენად, გამოიყენა თუ არა ბეგონია გომესმა პრემიერ-მინისტრის მეუღლის სტატუსი პირადი მიზნებისთვის. აღნიშნულ ბრალდებას თავად გომესი და მისი მეუღლე კატეგორიულად უარყოფენ.

საქმე ეხება მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტში (Université Complutense de Madrid) სპეციალური კათედრის შექმნასა და მართვას, რომელსაც გომესი თანახელმძღვანელობდა, ასევე საჯარო რესურსებისა და პირადი კავშირების სავარაუდო გამოყენებას კერძო ინტერესების სასარგებლოდ. 

აღსანიშნავია, რომ საქმეს საფუძვლად დაედო ულტრამემარჯვენე წრეებთან დაკავშირებული ანტიკორუფციული ჯგუფის მიერ შეტანილი სარჩელი.
2024 წლის აპრილში, როდესაც ბეგონია გომესის წინააღმდეგ გამოძიება პირველად დაიწყო, პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა რამდენიმე დღით დროებით შეიჩერა საჯარო უფლებამოსილების შესრულება, რათა დაფიქრებულიყო, ღირდა თუ არა პოსტზე დარჩენა.