ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა ირანის დაზვერვის მინისტრის, ესმაილ ხატიბის ლიკვიდაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა.
ირანის პრეზიდენტმა ხატიბის მკვლელობას „ლაჩრული მკვლელობა“ უწოდა.
„ჩემი ძვირფასი კოლეგების, ესმაილ ხატიბის, ალი ლარიჯანის და აზიზ ნასირზადეს, ასევე მათი ოჯახის ზოგიერთი წევრისა და თანმხლები პირების ლაჩრულმა მკვლელობამ გლოვაში ჩაგვაგდო“, – წერს მასუდ ფეზეშქიანი სოციალურ ქსელში.
მანამდე ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ირანის დაზვერვის მინისტრი ღამით განხორციელებული დარტყმის შედეგად ლიკვიდირებულია.
როგორც ისრაელ კაცმა განაცხადა, მან და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ სამხედროებს ნება დართეს, დამატებითი თანხმობის გარეშე მოეკლათ ნებისმიერი ირანელი მაღალი თანამდებობის პირი, რომელსაც მიზანში ამოიღებდნენ.
მანამდე ისრაელის თავდასხმის შედეგად დაიღუპა ირანის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ალი ლარიჯანი, მისი ვაჟი მორტეზა ლარიჯანი, ასევე, ერთ-ერთი თანაშემწე და დაცვის თანამშრომელი. ამასთან, ლიკვიდირებულია ირანის „ბასიჯის“ დანაყოფის მეთაური ღოლამრეზა სოლეიმანი.







