უკრაინის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი, შაბათ-კვირას წინასწარი დაკავების საკანში დარჩება, რადგან გირაოს თანხა ჯერ არ არის შეგროვებული.
მედიის ცნობით, 15 მაისის 17:30 საათის მონაცემებით, ანდრეი ერმაკისთვის, რომელიც ეჭვმიტანილია ელიტური კოტეჯების მშენებლობის დროს 460 მილიონი გრივნას გათეთრებაში, გირაოს სახით საჭირო 140 მილიონი გრივნიდან 58.8 მილიონი გრივნა იყო შეტანილი და იმის გათვალისწინებით, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უმაღლესი სასამართლო შაბათს და კვირას არ მუშაობს, შეუძლებელი იქნება გადამოწმება და შემდეგ გირაოს თანხის სრულად გადახდის დამადასტურებელი ცნობის გაცემა, ერმაკი წინასწარი დაკავების საკანში ორშაბათამდე დარჩება.
ამასთან, მედია აღნიშნავს, რომ გირაოს თანხის ჩარიცხვის მსურველებს ამის შესაძლებლობა შაბათ-კვირასაც შეუძლიათ.
ცოტა ხნის წინ უმაღლესი რადას დეპუტატმა, იაროსლავ ჟელეზნიაკმა დაწერა, რომ ერმაკის გირაოსთვის 100 მილიონი გრივნა შეგროვდა.
მედიაში გავრცელებული ცნობის თანახმად, ამ დროისთვის ერმაკის გირაოსთვის ყველაზე მეტი თანხა - 30 მილიონი გრივნა - სერგეი სტანისლავის ძე რებროვს აქვს ჩარიცხული და ჟურნალისტების განკარგულებაში არსებული მონაცემთა ბაზის მიხედვით, ასეთი სახელის და გვარის მქონე უკრაინაში მხოლოდ ერთი პიროვნებაა (მეორე აწ უკვე გარდაცვლილია) და იგი კიევის „დინამოს“ და უკრაინის ნაკრების ფეხბურთელი და შემდეგ უკრაინის ნაკრების მწვრთნელი სერგეი რებროვია.
ადრე, მასმედიაში აცხადებდნენ, რომ რებროვის უკრაინის ეროვნული ნაკრების მწვრთნელის პოსტზე დანიშვნას ერმაკი ლობირებდა და გუნდის მუდმივი წარუმატებლობის მიუხედავად, სწორედ ერმაკთან მისი კავშირების გამო რჩებოდა თავის პოზიციაზე.
ამავდროულად, მედიასთან ინტერვიუში სერგეი რებროვმა ფაქტობრივად აღიარა, რომ ანდრეი ერმაკი იყო მისი უკრაინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის ინიციატორი.
„ძალიან მადლობელი ვარ ანდრეის, ძალიან მადლობელი ვარ იმ ადამიანების, ვინც ნამდვილად დამეხმარა უკრაინაში დაბრუნებაში. მე მას „დიდი ხანია ვიცნობ. იმ დროისთვის ის პრეზიდენტის თანაშემწე გახდა. ის ძალიან წესიერი ადამიანია. ჩვენ საკმაოდ ხშირად ვურთიერთობთ. ის იყო ინიციატორი, რომ უკრაინაში დავბრუნებულიყავი და ეროვნულ გუნდთან მემუშავა, მაგრამ ეს რუსეთის სრულმასშტაბიან აგრესიამდე იყო“, - განაცხადა რებროვმა ინტერვიუში.
საზოგადოებრივი აქტივისტი და ვეტერანი ოლეგ სიმოროზი, რომელმაც ფრონტზე ორივე ფეხი დაკარგა, ამტკიცებს, რომ რებროვსა და ერმაკს, საერთო ნათლია ჰყავთ, სკანდალური სახალხო დეპუტატი მიკოლა ტიშჩენკო.
2016 წელს რებროვმა ამჟამინდელ მეუღლეზე, ანაზე იქორწინა, ქორწილის ერთ-ერთი სტუმარი ანდრეი ერმაკი იყო.




