თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთში ბოლო დღეებში მომხდარ ძალადობაზე სრული პასუხისმგებლობა ოპოზიციურ სახალხო-რესპუბლიკური პარტიას ეკისრება.

„ჩვენ შეშფოთებით ვადევნებდით თვალყურს მოვლენებს, რომლებიც განვითარდა ოპოზიციური პარტიის ლიდერის მოწოდების შემდეგ, რაც სწრაფად გადაიზარდა ძალადობრივ ქმედებებში. მარგინალური ორგანიზაციებისა და ბანდიტების თავდასხმების გამო ამ დღეებში დაშავდა ჩვენი 123 პოლიციელი. სამწუხაროდ, ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელობამ, მათ შორის ამ პარტიის თავმჯდომარემ, წარმოაჩინეს უგუნურობის ნათელი მაგალითი. პარტიის ლიდერი და მისი მხარდამჭერები, რომლებმაც ხალხი ქუჩაში გამოსვლისკენ წააქეზეს, სრულად არიან პასუხისმგებელი პოლიციელების დაშავებაზე, მაღაზიების მფლობელების ზარალზე, რომელთა ვიტრინებიც დაიმსხვრა, ასევე მილიარდობით ლირის ღირებულების სახელმწიფო საკუთრებისთვის მიყენებულ ზიანზეც. ეს ყველაფერი განხილული იქნება პარლამენტში, ხოლო იურიდიული ანგარიშები ამის შესახებ წარედგინება სასამართლოს”, – განაცხადა ერდოღანმა ანკარაში გამართული მთავრობის სხდომის შემდეგ.

ცნობისთვის, თურქეთში 19 მარტიდან დააპატიმრეს სტამბოლის მერი ეკრემ იმამოღლუ, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა. დემონსტრაციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. იმამოღლუს ბრალი კორუფციასა და ტერორიზმის ხელშეწყობაში წაუყენეს.