თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მხარი დაუჭირა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივას, რომელიც უკრაინისა და შეერთებული შტატების დელეგაციების შეხვედრაზე შეჯერდა და რუსეთს მოუწოდა მას დაეთანხმოს. ამის შესახებ ერდოღანმა 12 მარტს, ანკარაში, პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

თურქეთის ლიდერმა უკრაინის მიერ საუდის არაბეთში შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების დროს ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმებას "პოზიტიური და მნიშვნელოვანი" უწოდა.

"ახლა ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ რუსეთი კონსტრუქციულ რეაგირებას მოახდენს ამ ნაბიჯზე," - აღნიშნა მან.

თურქეთის პრეზიდენტმა დაადასტურა ანკარის მზადყოფნა ხელი შეუწყოს კიევსა და მოსკოვს შორის პოტენციურ მოლაპარაკებებს, რათა "ნებისმიერი წვლილი შეიტანოს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებაში."