ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული პრესა აქვეყნებს.
საფრანგეთში, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ არჩევნების წინა ყველა გამოკითხვის საპირისპიროდ ულტრამემარჯვენეებმა არათუ აბსოლუტური, არამედ უმრავლესობაც კი ვერ მოიპოვეს და მემარცხენე კოალიცია „ახალი სახალხო ფრონტის" და პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ცენტრისტულის ალიანსის მომდევნო მესამე ადგილზე გავიდნენ.
მემარჯვენეების წინააღმდეგ გაერთიანებული ძალებით გამოსვლის შედეგად მიღწეულმა, ერთი შეხედვით, თითქოსდა მნიშვნელოვანი წარმატების მიუხედავად, პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი კვლავ რთულ მდგომარეობაში რჩება და მას, სულ მცირე, მემარცხენეებისთვის დიდი დათმობები დასჭირდება ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების ასე თუ ისე სტაბილური ურთიერთობის შენარჩუნებისთვის.
ამ დროისთვის ყველა საარჩევნო ოლქის შედეგებია ცნობილი, თუმცა, იმის გამო, რომ გამარჯვებულ კანდიდატთა საკმაო რაოდენობა მცირერიცხოვან პარტიებს წარმოადგენენ და ჯერ კიდევ უცნობია, რომელ პოლიტიკურ ბანაკში აღმოჩნდებიან ისინი საბოლოოდ, გამარჯვებული ძირითადი გაერთიანებების მხარდამჭერი დეპუტატების ზუსტი რაოდენობა გაურკვეველია.
პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ახალ სახალხო ფრონტს" 182 დეპუტატი ჰყავს, მაკრონის ცენტრისტულ ალიანსს - 163, ხოლო ისტორიაში საუკეთესო შედეგის მჩვენებელ ულტრამემარჯვენეებს კი 143.
მემარცხენეების მიერ ამ დრომდე გაკეთებული განცხადებების თანახმად, ისინი არ აპირებენ პრემიერ-მინისტრის პოსტის მაკრონის ალიანსისთვის დათმობას და მზად არიან წინასაარჩევნო დაპირებების შესასრულებლად, ეს კი ემანუელ მაკრონისთვის ძალიან მძიმე სიტუაციას ქმნის, რადგან სოციალისტების ძირითადი დაპირებები, მაგალითად, საპენსიო რეფორმაზე უარის თქმა, საპენსიო ასაკის 60 წლამდე დაწევაზე დებატების დაწყება, რიგ პროდუქტებზე ფასების მაქსიმალური ზღვრის დაწესება, მდიდრებისთვის გადასახადების განაკვეთის ზრდა და სხვა, სრულ წინააღმდეგობაში მოდის იმ კურსთან, რომლის მიმდევარიც იყო.
საპარლამენტო ჯგუფების საბოლოო კონფიგურაცია 18 ივლისისთვის გახდება ცნობილი. თუ მემარცხენეებთან შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა, მაკრონს შეუძლია სულ მცირე პარიზის ოლიმპიური თამაშების დასრულებამდე არ დანიშნოს ახალი პრემიერ-მინისტრი, შემდეგ კი ექსპერტების, ადმინისტრატორების და ეკონომისტების შემადგენლობით დააკომპლექტოს ტექნიკური მთავრობა. პარლამენტის დათხოვნა და ახალი არჩევნები მხოლოდ ერთ წელიწადში იქნება შესაძლებელი.