პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ წინ ძალიან რთული კვირები და თვეებია, რაც „რუსეთის მიერ უკრაინის მიმართ უკიდურესად აგრესიულ პოზიციას“ უკავშირდება.

დონალდ ტუსკის განმარტებით, რუსეთის ეს აგრესიული მოქმედებები პოლონეთის საზღვარს „სულ უფრო უახლოვდება“.

„წინ ძალიან რთული კვირები და თვეებია, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინის მიმართ სულ უფრო აგრესიულ პოზიციას უკავშირდება და, სამწუხაროდ, რუსეთის ეს აგრესიული მოქმედებები უკრაინის წინააღმდეგ სულ უფრო უახლოვდება ჩვენს საზღვარს“, – აღნიშნა ტუსკმა.

მისივე თქმით, პოლონეთის მთავრობა და სპეცსამსახურები კონცენტრირებულნი არიან იმაზე, რომ საფრთხე პოლონეთის ტერიტორიაზე არ გავრცელდეს.

„ჩვენ კონცენტრირებული ვართ იმაზე, რომ პოლონეთის მხარეს ცუდი არაფერი მოხდეს“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერმა.

დონალდ ტუსკი 28 სექტემბერს მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. რუსული რეაქტიული დრონი უკრაინის ტერიტორიაზე, პოლონეთთან, დოროჰუსკის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან დაახლოებით ორ კილომეტრში ჩამოვარდა.

„ყოველ ღამით თუ დღე-ღამის განმავლობაში, ჩვენ იძულებულნი ვართ არაერთხელ გავააქტიუროთ ჩვენი ავიაცია, რადგან რუსეთის თავდასხმებმა პოლონეთის საზღვართან – კერძოდ, სასაზღვრო გამშვებ პუნქტებსა და საზღვრის მიმდებარე ინფრასტრუქტურაზე – უკვე სისტემატური ხასიათი მიიღო“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, პოლონეთის შესაბამისი სამსახურები აღმოსავლეთ საზღვრის მიღმა შექმნილი ვითარების გამო გაძლიერებულ მზადყოფნაში იმყოფებიან.