დავით ფეიქრიშვილის საქმესთან დაკავშირებით ძალიან მალე ბევრი დეტალი გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ იყო ვიდეოკამერები საკანში, სადაც დავით ფეიქრიშვილი გადაიყვანეს, სალიამ აღნიშნა, რომ ამ გარემოებებს გამოძიება დაადგენს.
„რატომ იყო გადაყვანილი, იყო თუ არა კამერები და ასე შემდეგ, ყველაფერს გამოძიება დაადგენს. ჩვენ როგორც კი მედიით გავიგეთ, რომ გარკვეულ ბრალდებას ჰქონდა ადგილი მაშინვე, იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო გამოძიება, მიუხედავად პენიტენციური სამსახურის გავრცელებული ინფორმაციისა, რომ არაფერი ხდება. ეს მეტყველებს, რომ საჭიროდ ჩავთვალეთ ინფორმაციის გადამოწმება. დანარჩენი დეტალი, თუ რა გამოვლინდა გამოძიების შედეგად, ჯერ ჩვენს უწყებაში და შემდგომ როცა უკვე პროკურატურამ გადაიბარა ეს საქმე, ამას მალე გავიგებთ, დარწმუნებული ვარ“, – განაცხადა სალიამ.
იუსტიციის მინისტრის თქმით, მას შემდეგ, რაც პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის შესაძლო მონაწილეობაზე გავრცელდა ცნობები, საქმე პროკურატურას გადაეცა.
„მყისიერი რეაგირების შემდეგ, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი რაიმე ფორმით ყოფილიყო მონაწილე, საქმე გადაეცა პროკურატურას. საზოგადოებაში რომ არ ყოფილიყო ეჭვი, რომ თავადვე ვიძიებთ ჩვენი სისტემის მაღალჩინოსნის საქმეს.
ჩვენ როგორც კი დავიწყეთ გამოძიება, ფაქტობრივად, მეორე თუ მესამე დღეს უკვე პროკურატურას გადავეცით საქმე, რადგან ნახსენები იყო პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი. რეკომენდაცია წამოვიდა პროკურატურიდან და თვითონ გიორგი პატარიძემ მიიღო გადაწყვეტილება დაეტოვებინა თანამდებობა. მე მგონი, აქ რაღაც შეკითხვები არ უნდა არსებობდეს“, – განაცხადა სალიამ.












