აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფები 47%-მდე შეამცირა.  ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

დონალდ ტრამპის განცხადებით, ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან შეხვედრა "შესანიშნავი" იყო.

მისი თქმით, აშშ-ში ფენტანილის შეტანის გამო ჩინეთის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფები 10%-ით შეამცირა, რის შედეგადაც, სულ, ჩინეთის წინააღმდეგ 57%-იანი ტარიფების ნაცვლად, 47%-იანი ტარიფები იმოქმედებს.

"როგორც იცით, ჩინეთს 20%-იანი ტარიფი დავუწესე ფენტანილის შემოტანის გამო, რაც დიდი ტარიფია. მე ეს 10%-ით შევამცირე", - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს Air Force One-ის ბორტზე.

ამასთან, ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთან ძალიან სერიოზულად განიხილა უკრაინაში რუსეთის ომის საკითხი.

ტრამპის თქმით, მათ არ უსაუბრიათ იმაზე, რომ ჩინეთი რუსეთისგან ნავთობს ყიდულობს. აშშ-ს პრეზიდენტმა გასულ კვირას სანქციები დაუწესა რუსეთის ორ მსხვილ ნავთობკომპანიას, რის შედეგადაც ჩინური და ინდური კომპანიების ნაწილმა ზოგიერთი შეკვეთა შეაჩერეს ან გააუქმეს.