აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 26 ივნისს თქვა, რომ აშშ-მ და ჩინეთმა სავაჭრო შეთანხმებას მოაწერეს ხელი. მანამდე, ორი კვირის წინ, ის ამბობდა, რომ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დამყარდეს ზავი სავაჭრო დაპირისპირების დასასრულებლად. 

 "გუშინ ჩვენ ჩინეთთან შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი," თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა თეთრ სახლში, თუმცა მას დამატებითი დეტალების შესახებ არ უსაუბრია.

მოგვიანებით, თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ აშშ-მ და ჩინეთმა "მიაღწიეს დამატებით ურთიერთგაგებას ჟენევის შეთანხმების სისრულეში მოყვანის ჩარჩოსთან დაკავშირებით," რაშიც მან მაისში მხარეებს შორის გამართული მოლაპარაკებები იგულისხმა, როცა აშშ-მ და ჩინეთმა ზავს პირველად მიაღწიეს.

საკითხზე ინფორმირებულმა ორმა წყარომ გამოცემა Financial Times-ს განუცხადა, რომ მხარეებმა წერილობით ფორმატში გადაიტანეს ყველაფერი, რაზედაც უკვე შეთანხმებულები იყვნენ, მაგრამ საბოლოო დოკუმენტში არ შეუტანიათ.

ამასთან, თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა Reuters-ს განუცხადა, რომ ურთიერთგაგება ეხება იმას, თუ "როგორ შეიძლება დაჩქარდეს აშშ-ში ჩინეთის იშვიათი წიაღისეულის გადაზიდვების კვლავ მიწოდება".