აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრმაპის განცხადებით, საუდის არაბეთთან შეთანხმება ურანის გამდიდრებას არ ითვალისწინებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა.

თუმცა, მისივე თქმით, საბოლოოდ დამტკიცდება თუ არა შეთანხმება დამოკიდებულია იმაზე, შეუერთდება თუ არა საუდის არაბეთი „აბრაამის შეთანხმებებს“.

„აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტსა და საუდის არაბეთს შორის სამოქალაქო ბირთვული შეთანხმება დამტკიცდება (მასალის გამდიდრება არ იქნება), თუმცა ეს მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, შეუერთდება თუ არა საუდის არაბეთი ძალიან პატივსაცემ და წარმატებულ „აბრაამის შეთანხმებებს“. შეთანხმება მხოლოდ არასამხედრო დანიშნულებას ეხება, ასეთი ტიპის პროგრამა უკვე აქვთ ირანს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და სხვა ქვეყნებს. შეერთებული შტატები არ ეწინააღმდეგება სამოქალაქო (გაუმდიდრებელი საწვავის გამოყენებაზე დაფუძნებულ) ბირთვული ობიექტების არსებობას“, – დაწერა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, აშშ-მა და საუდის არაბეთმა სამოქალაქო ბირთვული ენერგეტიკის სფეროში ისტორიულ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. „როიტერის“ ინფორმაციით, შეთანხმება სამეფოს საშუალებას მისცემს, ამერიკული ტექნოლოგიების გამოყენებით ააშენოს ბირთვული რეაქტორები და თავად გაამდიდროს ურანი.

ცნობისთვის, 2020 წელს, დონალდ ტრამპის ძალისხმევით, „აბრაამის შეთანხმებებს“ ისრაელთან ხელი მოაწერეს არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, ბაჰრეინმა, სუდანმა და მაროკომ. ამ ხელშეკრულების გაფორმებისგან პალესტინის სახელმწიფოებრიობისკენ ნაბიჯების არარსებობის გამო საუდის არაბეთი თავს იკავებს.