აშშ დაეხმარება ლიბანს, რომელსაც „ძალიან ცუდად მოეპყრნენ“, – ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ლიბანის პრეზიდენტთან, ჯოზეფ აუნთან შეხვედრის დროს განაცხადა.

„ჩვენ მივაღწევთ, რომ მას პატივისცემით მოეპყრონ, ისე, როგორც იმსახურებს. არსებობს „ჰეზბოლას“ პრობლემა, მაგრამ ჩვენ გავაკეთეთ რაღაც ისეთი, რასაც, ვფიქრობ, მსოფლიო ყურადღებას მიაქცევს“, – აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, ლიბანის პრეზიდენტთან განიხილავს „კონკრეტულ გეგმებს“, როგორ შეიძლება, დაეხმარონ ქვეყანას „ჰეზბოლას“ გაძევებაში.

ამასთან, როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, ისრაელის თავდაცვის ძალები ლიბანიდან გასვლის პროცესში არიან. მან ასევე მზაობა გამოთქვა „ჰეზბოლასთან“ საუბრისთვის.

„დაველაპარაკებოდი „ჰეზბოლას“. მე ყველასთან ვსაუბრობ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

თავის მხრივ, ლიბანის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპს მადლობა გადაუხადა „ისტორიული მიღწევისთვის“, რომელიც ლიბანსა და ისრაელს შორის ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმებით შედგა.

„დიდი ხანია, ლიბანსა და მთელ რეგიონში სტაბილურობის და უსაფრთხოების დროა“, – განაცხადა ჯოზეფ აუნიმ.

რაც შეეხება, იემენელი „ჰუსიტების“ მიერ წითელ ზღვაში სრუტის შესაძლო ბლოკირებას, ტრამპის თქმით, „ასეთი რამ ჯერჯერობით არ მომხდარა“.

„შესაძლოა, მოხდეს, მაგრამ ჩვენ გადავჭრით საკითხებს. ჩვენ ეს უკვე გავაკეთეთ ადრე „ჰუსიტებთან“ და მას შემდეგ, მათგან აღარაფერი ისმის“, – აღნიშნა ტრამპმა.