აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ადმინისტრაციას ახალი განკარგულება მისცა, რომელიც ამერიკულ ავიაკომპანიებს ლიბანში პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყების უფლებას მისცემს. ინიციატივის მთავარი მიზანი ტურისტული კავშირების გაღრმავება და ამერიკელი მოგზაურებისთვის გადაადგილების გამარტივებაა.

პრეზიდენტის თქმით, ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ორივე ქვეყნის ინტერესებს და ტურიზმის სტიმულირებას.

"ჩემს ადმინისტრაციას ვავალებ, რომ აშშ-ის ყველა ავიაკომპანიას ლიბანში პირდაპირი ფრენების უფლება მისცეს, რათა ამერიკელებმა მარტივად შეძლონ ამ ულამაზესი მიწის მონახულება", — აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი სიახლეა აშშ-ის საავიაციო სექტორისთვის, რაც ავიამზიდებს სრულიად ახალი ბაზრის ათვისების საშუალებას მისცემს. მოსალოდნელია, რომ პირდაპირი რეისების დანიშვნა დადებითად აისახება როგორც ავიაკომპანიების სამარშრუტო ქსელის გაფართოებაზე, ისე ლიბანის ტურისტულ სექტორსა და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ ურთიერთობებზე.

თეთრი სახლის ადმინისტრაცია დეტალურ რეგულაციებსა და ავიაკომპანიებისთვის საჭირო ნებართვების გაცემის პროცედურებზე მუშაობას უახლოეს პერიოდში დაიწყებს, რის შემდეგაც გაირკვევა, კონკრეტულად როდის შესრულდება პირველი პირდაპირი ავიარეისი აშშ-დან ლიბანის მიმართულებით.