სომხეთში ცნობილი ბიზნესმენი და "ტაშირ ჯგუფის" (Tashir Group) დამფუძნებელი, მილიარდერი სამველ კარაპეტიანი სამართალდამცველებმა "სომხეთის ელექტროქსელებთან" დაკავშირებული საქმის ფარგლებში დააკავეს.

გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, საქმე ეხება ენერგოსექტორში შესაძლო ფინანსურ დარღვევებს, მსხვილი ოდენობით თანხების სავარაუდო მითვისებასა და უფლებამოსილების გადამეტებას. სამართალდამცავი უწყებები ამ ეტაპზე საგამოძიებო ინტერესებიდან გამომდინარე დამატებით დეტალებს არ ასაჯაროებენ, თუმცა აცხადებენ, რომ კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით კომპლექსური შემოწმება მიმდინარეობს.

"სომხეთის ელექტროქსელები" კარაპეტიანის მფლობელობაში არსებულ "ტაშირ ჯგუფს" 2015 წლიდან ეკუთვნის. კომპანია ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის გამანაწილებელ ერთადერთ ოპერატორს წარმოადგენს. ბოლო პერიოდში სომხეთის ხელისუფლებასა და მარეგულირებელ კომისიას შორის არაერთხელ გამწვავდა დისკუსია ენერგოსისტემაში არსებულ ხარვეზებსა და ინფრასტრუქტურულ ინვესტიციებთან დაკავშირებით.

კარაპეტიანის უფლებადამცველები და "ტაშირ ჯგუფის" პრესსამსახური წარდგენილ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ. მათი განცხადებით, დაკავება უსაფუძვლოა და შესაძლოა, პოლიტიკურ ან ბიზნესზე ზეწოლის მოტივებს უკავშირდებოდეს.

საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. უახლოეს ხანში ცნობილი გახდება, რა აღკვეთის ღონისძიებას მოითხოვს პროკურატურა ბიზნესმენისთვის.