დონალდ ტრამპის განცხადებით, კონგრესი საჰაერო მოძრაობის მართვის სისტემის განახლებისთვის აუცილებელ დაფინანსებას თუ დაამტკიცებს, ახალი სისტემის შექმნა სწრაფად და ეფექტიანად იქნება შესაძლებელი.
„ეს მსოფლიოში საუკეთესო სისტემა იქნება. ჩვენი ამჟამინდელი საჰაერო მოძრაობის მართვის სისტემის დიდი ნაწილი 50 წლისაა, რაც სასაცილოა. სამუშაოები უკვე დავიწყეთ, თუმცა ყველაფერი ერთიანად უნდა გაკეთდეს და არა ეტაპობრივად. კონგრესმა დაფინანსება უნდა დაამტკიცოს. ბაიდენის ადმინისტრაციამ ეს პროცესი წლებით უკან დახია“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
დონალდ ტრამპის თქმით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის (FAA) მუშაობა სერიოზულად გაუარესდა.
მისი განმარტებით, დიდი თანხები არაეფექტიანად დაიხარჯა, რის შედეგადაც უკვე მოძველებული და გაუმართავი სისტემა კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა.
„ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში FAA-ის მუშაობა კატასტროფული იყო. ყველაფერი, რასაც ისინი შეეხნენ, ცუდად დასრულდა. დიდი თანხები არასწორად დაიხარჯა და ძველი, გაუმართავი სისტემა იმაზე უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდა, ვიდრე მუშაობის დაწყებამდე იყო. ჩვენ გვაქვს ცოდნა და გეგმა ფრენების მართვის სისტემების განახლებისთვის. საჭიროა, კონგრესმა რაც შეიძლება სწრაფად გამოყოს დაფინანსება. ჩვენი FAA შესანიშნავად მუშაობს და მზად არის“, – აღნიშნავს დონალდ ტრამპი.
აშშ-ში საჰაერო მიმოსვლის აღდგენის მიუხედავად, მასშტაბური შეფერხებები გრძელდება. როგორც აშშ-ის ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის (FAA) ხელმძღვანელმა განაცხადა, ავიამიმოსვლა ეტაპობრივად აღდგება. ავიაციის მონაცემების ვებგვერდ FlightAware-ის ინფორმაციით, შაბათს, ადგილობრივი დროით 21:35 საათისთვის, აშშ-ში 6 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა, 8 000-ზე მეტი კი შეფერხდა. პარასკევს, დაახლოებით 9 200 რეისი გაუქმდა, 7 500-ზე მეტი კი შეფერხდა.
FlightAware-ის ცნობით, გაუქმებულია კვირისთვის დაგეგმილი 875 რეისიც. ეს 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ აშშ-ში ავიამიმოსვლის ყველაზე ხანგრძლივი შეჩერება და ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სატრანსპორტო შეფერხება იყო.
აშშ-ის ტრანსპორტის მინისტრმა, შონ დაფიმ განაცხადა, რომ ქვეყნის საჰაერო მოძრაობის მართვის სისტემის განახლების გარეშე მსგავსი შეფერხებები მომავალშიც განმეორდება. აშშ-ის ტრანსპორტის მინისტრის თქმით, პრობლემის მიზეზი მოძველებული ტექნოლოგიები, მათ შორის ძველი გადამრთველები და საკომუნიკაციო ხაზები გახდა. მისი განმარტებით, სისტემის სრულად განახლებისთვის კონგრესმა 50 მილიარდი დოლარი უნდა გამოყოს.









