თეთრ სახლში აცხადებენ, რომ კონგრესის მხრიდან გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც შეეხება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის საქმიანობას, შესაძლოა, დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს.
ამის შესახებ ინფორმაციას „ესოშიეითიდ პრესი“ ავრცელებს.
თეთრი სახლის იურიდიულმა მრჩეველმა, უილ შარფმა წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის წამყვან დემოკრატ წევრს, რობერტ გარსიას წერილი გაუგზავნა, რომელშიც ნათქვამია, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების დაშინების ან მათზე ზეწოლის მიზნით განხორციელებული ქმედებები შესაძლოა, სისხლის სამართლის დანაშაულად შეფასდეს.
თეთრი სახლის გაფრთხილება მოჰყვა დემოკრატების განცხადებას, რომ შუალედურ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ისინი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის საქმიანობის მასშტაბურ გამოძიებებს დაიწყებენ.
რობერტ გარსიამ საპასუხოდ თქვა, რომ კონგრესს ზედამხედველობისა და გამოძიების კონსტიტუციური უფლებამოსილების განსახორციელებლად თეთრი სახლის ნებართვა არ სჭირდება.
„როგორც ჩანს, დონალდ ტრამპს რაღაც აქვს დასამალი“, – განაცხადა გარსიამ.
როგორც უცოხური მედია იტყობინება, დემოკრატები გეგმავენ შეისწავლონ, როგორ გაიზარდა ტრამპისა და მისი ოჯახის ქონება თეთრ სახლში მისი დაბრუნების შემდეგ. გამოძიების შესაძლო მიმართულებებს შორისაა – ჯეფრი ეპშტეინის საქმის გამოძიების მიმდინარეობა; საიმიგრაციო სამსახურის საქმიანობა; თეთრი სახლის სამშენებლო პროექტები; ტრამპის ოჯახის მონაწილეობა წიაღისეულ რესურსებთან დაკავშირებულ გარიგებებში და კრიპტოვალუტის ოპერაციები.
პრეზიდენტი ტრამპი და მისი ადმინისტრაცია კანონდარღვევის ბრალდებებს უარყოფენ.
აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, ტოდ ბლანშმა განაცხადა, რომ დემოკრატების მხრიდან მუქარის შემცველი განცხადებები შესაძლოა, სამართლებრივი მოკვლევის საფუძველი გახდეს. ამასთან, მან აღიარა, რომ კონგრესს აღმასრულებელი ხელისუფლების ზედამხედველობის უფლებამოსილება აქვს და იუსტიციის დეპარტამენტი კანონმდებლებთან თანამშრომლობას გააგრძელებს.
დემოკრატები წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლს ოფიციალურად 2027 წლის იანვარში გადაიბარებენ. მოსალოდნელია, რომ ზედამხედველობის კომიტეტს რობერტ გარსია უხელმძღვანელებს.








