სიამოვნებით გაცნობებთ, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომში გამოცხადდება სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტა (9, 10 და 11 მაისს). ეს დღეები რუსეთში აღინიშნება, როგორც გამარჯვების დღე, თუმცა ასევე უკრაინაშიც, რადგან ისინი მეორე მსოფლიო ომში ასევე მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენდნენ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ტრამპი წერს, „ცეცხლის შეწყვეტა მოიცავს ყველა საბრძოლო მოქმედების შეჩერებას, ასევე 1 000 ტყვის გაცვლას ორივე მხრიდან“.

„ეს მოთხოვნა უშუალოდ ჩემი მხრიდან იქნა დაყენებული. დიდად ვაფასებ, რომ მას დაეთანხმნენ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. იმედია, ეს იქნება დასაწყისი იმ ძალიან ხანგრძლივი, სისხლიანი და მძიმე ომის დასასრულისა. მოლაპარაკებები კონფლიქტის დასრულებაზე გრძელდება და ჩვენ ყოველდღიურად უფრო და უფრო ვუახლოვდებით შედეგს“, – წერს ტრამპი.