შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, ირანის პასუხი ვაშინგტონის მიერ წარდგენილ ომის დასრულების 14-პუნქტიან გეგმაზე ირანის პასუხი "შეუსაბამოა." ვითარების არსი: ამის შესახებ დონალდ ტრამპმა Axios-ისთვის მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა. 

ამერიკის ადმინისტრაცია ომის დასრულების მემორანდუმზე თეირანის პასუხს 10 დღე ელოდებოდა. 

"მე არ მომწონს მათი წერილი, ის შეუსაბამოა, მე არ მომწონს მათი პასუხი"- ამბობს ამერიკელი პრეზიდენტი, თუმცა კონკრეტულ დეტალებს არ ასახელებს. 

საუბარია 1-გვერდიან მემორანდუმზე, რომლის მიხედვითაც ომი დასრულებულად გამოცხადდებოდა და დაიწყებოდა მოლაპარაკებების 30-დღიანი პერიოდი, მათ შორის ბირთვული პროგრამის საკითხზე.

უცნობია ირანული პასუხის შინაარსი და უთანხმოების პუნქტები, თუმცა დასავლურ მედიაში გავრცელებული ამერიკული გეგმის არაერთი პუნქტი არღვევდა ისლამური რესპუბლიკის მიერ გამოცხადებულ ე.წ. წითელ ხაზებს. 

მათ შორის იყო მოთხოვნა, რომ ირანის გამოეცხადებინა 20-წლიანი მორატორიუმი ურანის გამდიდრებაზე და უარი ეთქვა უკვე გამდიდრებული ურანის მარაგზე.