ირანთან ბირთვული პროგრამის შესახებ პირდაპირ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრაზე განაცხადა.

"ჩვენ ირანთან პირდაპირი მოლაპარაკებები გვაქვს. ეს დაიწყო და შაბათს გაგრძელდება. ძალიან დიდი შეხვედრა გვაქვს და ვნახავთ რა შეიძლება მოხდეს. ვფიქრობ, ყველა თანხმდება, რომ შეთანხმების მიღწევა სასურველი იქნება", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება ირანის ინტერესებშია, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ის დიდ საფრთხეში აღმოჩნდება.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაყჩიმ დაადასტურა, რომ ამ შაბათს ომანში გაიმართება ირანის და აშშ-ის მაღალი დონის შეხვედრა. ამასთან, არაყჩი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ ეს არ იქნება პირდაპირი შეხვედრა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი არ აკონკრეტებს, კიდევ ვინ მიიღებს მონაწილეობას ამ მოლაპარაკებაში. აბას არაყჩის განცხადებით, ომანში დაგეგმილი შეხვედრა არის შესაძლებლობაც და გამოცდაც და ბურთი ამერიკის მოედანზეა.