ამერიკის შეერთებული შტატები ირანთან პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს. განცხადება დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ამერიკის პრეზიდენტმა 12 აპრილს ოფიციალურ თეირანთან მნიშვნელოვანი შეხვედრა დააანონსა და დაიმუქრა კიდეც. ტრამპმა თქვა, რომ თუ მხარეები ბირთვული პროგრამის შესახებ გარიგებას ვერ დადებენ, ირანი დიდი საფრთხის წინ აღმოჩნდება. ტრამპმა ისაუბრა რუსეთ-უკრაინის ომზეც. განაცხადა, რომ რუსეთს ტარიფები არ დაუწესა, რადგან ქვეყანა ომშია და მასთან ბიზნესს არ აწარმოებენ.
"მიზეზი, რის გამოც რუსეთთან ტარიფებზე არ ვსაუბრობთ ისაა, რომ ჩვენ არსებითად მათთან ბიზნესს არ ვაწარმოებთ, იმიტომ, რომ ისინი ომში არიან. ჩვენ ვხვდებით რუსეთს, ვხვდებით უკრაინას და თითქოს ვუახლოვდებით შეთანხმებას, თუმცა მე არ ვარ კმაყოფილი იმ დაბომბვებით, რაც ბოლო კვირაში ხდება. ეს საშინელებაა.
ირანთან პირდაპირ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, ეს უკვე მიმდინარეობს და შაბათს გაგრძელდება. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვექნება. ვნახოთ, რა მოხდება. ჩემი აზრით, ყველა თანხმდება, რომ გარიგების მიღწევა ხელსაყრელი იქნება. თუ ირანი შეთანხმებას არ დადებს, დაბომბვა იქნება და ისეთი დაბომბვა, როგორიც აქამდე არასდროს უნახავთ", - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.