ჩვენ გვინდა უკრაინას რაც შეიძლება მეტი ტერიტორია დავუბრუნოთ, - ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

ტრამპმა თქვა, რომ მას სჯერა, რომ უკრაინაში მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია და ამის მაგალითად მოიყვანა მისი საუბარი ვლადიმირ პუტინთან .

"პუტინთან ძალიან კარგი საუბარი მქონდა, ზელენსკისთან ძალიან კარგი საუბარი მქონდა, ჯერ კიდევ ოთხი კვირის წინ არავინ არავის ელაპარაკებოდა. ეს არც კი განიხილებოდა. არავის ეგონა, რომ მშვიდობის მიღწევა შეიძლებოდა", - თქვა მან.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე კომენტარი გააკეთა უკრაინის მიმართ შესაძლო ტერიტორიულ დათმობებზე, როგორც "სამშვიდობო შეთანხმების" ნაწილზე და აღნიშნა, რომ ის შეეცდება "უკეთესი შეთანხმების" დადებას.

"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მივაღწიოთ საუკეთესო შეთანხმებას ორივე მხარისთვის.

მაგრამ ჩვენ ძალიან ვეცდებით უკრაინისთვის კარგი გარიგების დადებას, რათა მათ შეძლონ, რაც შეიძლება მეტი ტერიტორია უკან დაიბრუნონ", - განაცხადა ტრამპმა.