აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ უკრაინისთვის გადაცემული 28-პუნქტიანი გეგმა "მხოლოდ გზამკვლევი იყო" და კიევს ამ წინადადების მისაღებად განსაზღვრული ვადა არ აქვს.

"ეს არ ყოფილა გეგმა. ეს იყო კონცეფცია. იქიდან ისინი ყველა 28 პუნქტზე ცალ-ცალკე მსჯელობენ, შემდეგ კი 22 პუნქტამდე ჩამოდიან. ბევრი მათგანი გადაწყვეტილია და ძალიან ხელსაყრელადაც კი. ასე რომ, ვნახავთ, რა მოხდება" - თქვა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

"ვადა ჩემთვის არის მაშინ, როცა ყველაფერი დასრულდება" - აღნიშნა მან.

აქამდე, ტრამპის ადმინისტრაცია იმედოვნებდა, რომ უკრაინა ამ გეგმას მადლიერების დღის დღესასწაულამდე დათანხმდებოდა.

ტრამპმა ასევე დაამატა, რომ აშშ-ს წარმომადგენლები მოსკოვთან და კიევთან საუბრებში გარკვეულ პროგრესს აღწევენ და რომ რუსეთი "ზოგიერთ დათმობაზე" დათანხმდა, თუმცა დეტალები არ გაუმხელია.