უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქებში, დნეპრსა და სინელნიკოვოში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 2 ადამიანი დნეპრში დაიღუპა, 7 კი, მათ შორის 3 ბავშვი - სინელნიკოვოში. ამასთან, დაშავებულია 29 ადამიანი.

”საავადმყოფოში ბავშვი გარდაიცვალა, რომელიც მძიმედ დაშავდა დნეპროპეტროვსკის ოლქში მტრის მიერ განხორციელებული მასიური თავდასხმის დროს, დაღუპულთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა, მათ შორის სამი ბავშვია”, - ნათქვამია უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, 19 აპრილის ღამეს რუსეთმა უკრაინას რაკეტებითა და დრონებით შეუტია. დნეპრში რუსებმა საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს. ხუთსართულიანი შენობა ნაწილობრივ ჩამოინგრა და ხანძარი გაჩნდა.