გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივებიდან მიღებული მოგებით უკრაინისთვის იარაღი შეიძინა - კერძოდ, 350 ანტისარაკეტო რაკეტა, რომლის ღირებულება 70 მილიონ ფუნტს შეადგენს.

The Guardian-ის ინფორმაციით, ეს რაკეტები თავდაპირველად საჰაერო ბრძოლისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა გაერთიანებული სამეფოს საჰაერო ძალებისა და MBDA UK-ის ინჟინრებმა ისინი მიწიდან გაშვების სისტემებისთვის მხოლოდ სამ თვეში გადააკეთეს.

ასევე, უკრაინაში დამატებით 5 Raven-ის გამშვები სისტემა გაიგზავნება, რაც უკრაინაში მათ საერთო რაოდენობას 13-მდე გაზრდის.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა, კირ სტარმერმა ეს პაკეტი ნატოს ყოველწლიურ სამიტამდე დააანონსა.

"რუსეთმა უნდა გადაიხადოს ფასი პუტინის ბარბაროსული და უკანონო ომისთვის და არა უკრაინამ" - თქვა სტარმერმა.

The Guardian წერს, რომ აღნიშნული პაკეტი გაერთიანებული სამეფოს მიერ უკრაინისადმი გაწეული ყველაზე მასშტაბური სამხედრო დახმარების ნაწილს წარმოადგენს, რომლის საერთო ღირებულება 4.5 მილიარდ ფუნტს შეადგენს.